საპატრიარქოში შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარიაც იმყოფებოდა. მთავრობის პრესსამსახურში ადასტურებენ, რომ გახარია პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა.

პრემიერის გარდა საპატრიარქოში დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძეს იმყოფებოდა.

მედიის ინფორმაციით, საპატრიარქოში იყვნენ თბილისის მერი, კახა კალაძე და მინისტრთა კაბინეტის წევრები, მათ შორის: ვიცე-პრემიერები — მაია ცქიტიშვილი და თეა წულუკიანი, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრები.

შეხვედრასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა, თუმცა, სავარაუდოდ, შეხვედრის თემა სააღდგომო ლიტურგია იყო.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო კარანტინის პირობებში, სამზე მეტი პირის თავშეყრა იკრძალება, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა. მიუხედავად ამისა, ეკლესიებსა და ტაძრებში მსახურება გრძელდება და მრევლი სოციალური დისტანციის დაცვით წირვებს ჩვეულ რეჟიმში ესწრება.

პირველ აპრილს პატრიარქმა ილია მეორემ გაავრცელა მიმართვა, რომლის თანახმადაც, ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს, შესაბამისად ჩატარდება სააღდგომო ლიტურგიაც. ტაძრებში წირვა-ლოცვების ჩატარებისთვის კი სასულიერო პირებს სამი რეკომენდაცია სმს-თი გაუგზავნეს.

12 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებელ ეკლესიებში სააღდგომო ღვთისმსახურებას კომენდანტის საათის დროს ჩაატარებენ.

სამთავრობო გუნდი ისევ აცხადებს, რომ საკარანტინო შეზღუდვები ეხება ყველას და სააღდგომო ლიტურგიაზე შეკრებაც საკომენდანტო საათის დარღვევა იქნება, თუმცა 3-ზე მეტი ადამიანის შეკრებისთვის ეკლესიაში არავინ დაუჯარიმებიათ.

მინისტრთა კაბინეტის წევრები უარს ამბობენ ეკლესიაში მისვლაზე და მოქალაქეებსაც სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 272 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გარდაცვლილია 3 ადამიანი. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ვირუსის გავრცელების პიკს აპრილის ბოლოს, სწორედ საეკლესიო დღესასწაულების დროს ელოდებიან.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: