ამერიკელი ჯანდაცვის ექსპერტის პროგნოზით, ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო ნაკლებსავარაუდოა, რომ ფესტივალები და კონცერტები მომავალი წლის შემოდგომამდე დაბრუნდეს.

სულ ცოტა ხნის წინ The New York Times-მა დისკუსიის ფორმატის შეხვედრას უმასპინძლა, რომლის დროსაც ბიოეთიკოსმა და ჯანდაცვის მენეჯმენტის პროფესორმა, ეზეკიელ ემანუელმა, განაცხადა, რომ "წარმოდგენა არ აქვს", რა ლოგიკით წევენ ორგანიზატორები ხელოვნებისა და მუსიკის ღონისძიებების გამართვის თარიღს მიმდინარე წლის რომელიმე პერიოდზე და სჯერათ, რომ ეს "შესაძლო მომავალია".

"როცა ხალხი კონფერენციების, კონცერტების თუ სპორტული ღონისძიებების მასშტაბის მქონე შეკრებების გადადებას 2020 წლის ოქტომბრისთვის აპირებენ, წარმოდგენა არ მაქვს, რატომ ფიქრობენ ისინი, რომ ეს შესაძლო მომავალია. ჩემი აზრით, ასეთი რაღაცები ყველაზე ბოლოს დაბრუნდება", — განაცხადა ემანუელმა ვიდეოკონფერენციის მიმდინარეობისას, — "რეალისტური თვალსაზრისით, ეს, საუკეთესო შემთხვევაში, 2021 წლის შემოდგომაზე მოხდება".

მთელი მსოფლიოს მასშტაბით რამდენიმე დიდმა მუსიკალურმა ფესტივალმა და კონკურსმა, რომელთა შორისაა BST Hyde Park, Governors Ball, გლასტონბერი და ევროვიზიის სიმღერის კონკურსი, საერთოდ გააუქმა წლევანდელი ღონისძიება.

თუმცა რამდენიმე ორგანიზატორმა გადაწყვიტა, რომ ფესტივალი მიმდინარე წლის ბოლოსკენ გადაეტანა. ასეთ ღონისძიებათა შორისაა Lollapalooza-ს სამხეთამერიკული ვერსიები, J. Cole’s Dreamville Festival, Live at Leeds Festival, და კოაჩელა, რომელიც დღევანდელი მონაცემებით აპრილის ნაცვლად ოქტომბერში გაიმართება.

ფოტო: Frazer Harrison / Getty Images

აშშ-ის ეკონომიკის სრულად აღდგენაზე საუბრისას ემანუელმა განაცხადა, რომ იგი "დიდად ოპტიმისტურად განწყობილი" ვერაა, რამდენადაც ქვეყნის მასშტაბით მუდმივი თავშესაფრები და სწრაფი ტესტირების პრაქტიკა ჯერ არ არსებობს.

"ეკონომიკის აღდგენა ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს და მისი პირველი საფეხური უნდა იყოს ფიზიკური დისტანციის ზომების შენარჩუნება ისეთ სამუშაო სივრცეებში, სადაც იმ მომუშავეების დაბრუნება იქნება შესაძლებელი, ვინც რისკ-ჯგუფებში არ არიან", — თქვა ემანუელმა, — "გონივრული ნაბიჯი იქნება, თუკი თავდაპირველად მუშაობას განაახლებენ ისეთი ტიპის სამშენებლო, საწარმოო და საოფისე კომპანიები, სადაც შესაძლებელია ორმეტრიანი დისტანციის დაცვა".

ამავე თემაზე: