საქართველოში იმ ადამიანებს, ვინც კორონავირუსისგან შექმნილი ვითარების გამო სამსახური დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში მთავრობა ყოველთვიურად 150 ლარი გადასცემთ. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) ავრცელებს.

სავალუტო ფონდის მიერვე გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ უმუშევრად დარჩენილების სუბსიდირების შესახებ ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან შეაგროვეს.

On.ge ინფორმაციისთვის დაუკავშირდა საქართველოს მთავრობას. პრესსამსახურში ამბობენ, რომ ამ თემაზე განცხადება ხვალ, 14 აპრილს გაკეთდება.

ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილი აცხადებდა, რომ იმას თუ რამდენ უმუშევრად დარჩენილს დაეხმარება სახელმწიფო, სამსახურდაკარგული ადამიანების რიცხვი განსაზღვრავს.

"ჩვენ შევძლებთ კონკრეტული ციფრების დასახელებას, კონკრეტული თანხების შეთავაზებას ან კონკრეტული რაოდენობების დასახელებას იმის შესაბამისად, აპრილში რამდენმა ადამიანმა დაკარგა სამსახური მარტში და მაისში — რამდენმა დაკარგა აპრილში და ა.შ.", — განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.