საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს ეკლესია მოქალაქეების ჯანმრთელობას გაუფრთხილდება და ელოდება, რომ სააღდგომო მსახურებებისას რეკომენდაციებს მკაცრად დაიცავს.

მისი თქმით, მოქალაქეების ჯანმრთელობის მოფრთხილება მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირებისთვისაც, რათა ობიექტების გახსნა უმოკლეს დროში დაიწყოს.

"მე დარწმუნებული ვარ და ვერ წარმომიდგენია, რომ საქართველოს ეკლესია, მისი მესვეურები, საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობას არ გაუფრთხილდებიან. ამიტომ ველოდები, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ მომდევნო დღეებში საქართველოს ეკლესია და ზოგადად, ერიც და ბერიც მკაცრად დაიცავენ რეკომენდაციებს", — განაცხადა მდინარაძემ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო კარანტინის პირობებში, სამზე მეტი პირის თავშეყრა იკრძალება, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა. მიუხედავად ამისა, ეკლესიებსა და ტაძრებში მსახურება გრძელდება და მრევლი სოციალური დისტანციის დაცვით წირვებს ჩვეულ რეჟიმში ესწრება.

პირველ აპრილს პატრიარქმა ილია მეორემ გაავრცელა მიმართვა, რომლის თანახმადაც, ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს, შესაბამისად ჩატარდება სააღდგომო ლიტურგიაც. ტაძრებში წირვა-ლოცვების ჩატარებისთვის კი სასულიერო პირებს სამი რეკომენდაცია სმს-თი გაუგზავნეს.

12 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებელ ეკლესიებში სააღდგომო ღვთისმსახურებას კომენდანტის საათის დროს ჩაატარებენ.

სამთავრობო გუნდი ისევ აცხადებს, რომ საკარანტინო შეზღუდვები ეხება ყველას და სააღდგომო ლიტურგიაზე შეკრებაც საკომენდანტო საათის დარღვევა იქნება, თუმცა 3-ზე მეტი ადამიანის შეკრებისთვის ეკლესიაში არავინ დაუჯარიმებიათ.

მინისტრთა კაბინეტის წევრები უარს ამბობენ ეკლესიაში მისვლაზე და მოქალაქეებსაც სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 266 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გარდაცლილია 3 ადამიანი. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ვირუსის გავრცელების პიკს აპრილის ბოლოს, სწორედ საეკლესიო დღესასწაულების დროს ელოდებიან.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: