იმ ეპოქაში, როცა ყველა თათბირი, ლექცია თუ უბრალოდ შეხვედრა ციფრულ ფორმატში ტარდება და როდესაც ამისთვის ძირითადად ვიდეო-ზარებს ვიყენებთ, ხშირად ჩნდება კითხვა — რა ჩავიცვა?

ონლაინ შეხვედრების მოსაწყობად ორგანიზაციები ხშირად სხვადასხვა ონლაინ საკონფერენციო პლატფორმას მიმართავენ, რომლებსაც საკმაოდ ბევრი საინტერესო შესაძლებლობა აქვთ.

ონლაინ საკონფერენციო პლატფორმების შესაძლებლობებს კრეატიული გამოყენება მოუფიქრეს ქართული აქსესუარების ბრენდ ჯოვანი მორაში.

ფოტო: Giovanni Morra

ჯოვანი მორას ციფრული აქსესუარები გვაძლევს შესაძლებლობას ზემდეტი ძალისხმევის გარეშე ონლაინ ჩართვისთვის საუკეთესოდ გამოვეწყოთ — ბაფთა, შარფი, პერანგი, ახლა უკვე შეგიძლიათ ონლაინ შეხვედრები business casual სტილში ჩაატაროთ.

"ვფიქრობ, ეს პატარა ჟესტი რთულ პერიოდს გაგიხალისებთ და მეგობრებთან ერთად თავის დაბერების თუ ვირტუალური სკაფანდრის ჩამოცმის პარალელურად ახლა უკვე გაპრანჭვასაც მოახერხებ." — ნათქვამია ბრენდის ოფიციალურ ბლოგში.

ფილტრები კაცებისთვის

ფილტრები კაცებისთვის

ფოტო: Giovanni Morra

ჯოვანი მორას ფილტრები უკვე ინტეგრირებულია ყველა ძირითად პლატფორმასთან, რომელსაც ვიდეო-ზარების განხორციელების მხარდაჭერა აქვს (Google Hangouts, Teams, Skype, Zoom).

ქალების ფილტრები

ქალების ფილტრები

ფოტო: Giovanni Morra

ბრენდის რეალური პროდუქტების ციფრულად მორგება შესაძლებელი გახდა SnapChat-ის ფილტრების ოფიციალური სამუშაო პროგრამა Lens Studio-თი.

გამოყენების წესი

საკმარისია თქვენს კომპიუტერში დააყენოთ პროგრამა Snap Camera და სასურველ საკომუნიკაციო პლატფორმის კამერის კონფიგურაციაში აირჩიოთ იმავე დასახელების (Snap) ვირტუალური კამერა. ამის შემდეგ გაიხსნება Snap Camera, რომელშიც უნდა მოძებნოთ GiovanniMorra-ს სახელით გამოქვეყნებული ფილტრები და მაუსის ერთი კლიკით მოირგოთ, მოსინჯოთ და გამოეწყოთ საქმიანი შეხვედრისთვის ან ვირტუალური დაბადების დღისთვის.