საავტომობილო გზების დეპარტამენტი თბილისის ახალი შემოვლითი 55 კილომეტრიანი გზისა და ნატახტარი-ჟინვალის 28 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტზე მუშაობას იწყებს. ახალი გზისა და აღნიშნული მონაკვეთის პროექტირებაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, პროექტი ნატახტრიდან რუსთავამდე და ნატახტრიდან ჟინვალამდე სრულიად ახალი, ალტერნატიული ჩქაროსნული გზის მშენებლობას ითვალისწინებს:

"ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური პროექტის მოსამზადებლად ტენდერი უკვე გამოცხადდა, სატენდერო წინადადება მოკლე სიაში გასულმა ექვსმა კომპანიამ წარმოადგინა. საპროექტო სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. პროექტირების ვადები 2017-2018 წლებია.

თბილისის ახალი შემოვლითი გზის აშენებით, სრულად მოგვარდება თბილისის შემოვლით გზაზე ამ ეტაპზე არსებული, მეწყრული პროცესებით გამოწვეული პრობლემები. ახალი გზა განტვირთავს ქალაქს სატრანზიტო მოძრაობისაგან და მნიშვნელოვანია, როგორც სატრანზიტო გადამზიდავებისთვის, ასევე ქალაქ თბილისის მოქალაქეებისათვის".

აღნიშნული გზები, პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივის, 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების - ქვეყნის სივრცითი განვითარების ნაწილია.