პრინცი ჩარლზი კორონავირუსისგან განიკურნა. სამეფო ოჯახის წევრი დიაგნოზის დასმიდან 7 დღის შემდეგ თვითიზოლაციიდან გამოვიდა.

"ამ უცნაური და სტრესული გამოცდილებისგან ბევრ რამეს ვსწავლობთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მეგობრები და ოჯახის წევრების გვერდით ყოფნა აღარ შეგვიძლია. მე და ჩემი ცოლი ბევრს ვფიქრობთ მათზე, ვინც დაავადების გამო იზოლაციაში იმყოფება და მარტოობას განიცდის", — განაცხადა მან ვიდეომიმართვაში.

უელსის პრინცმა ექიმებს და დიდი ბრიტანეთის მოსახლეობას მეგობრული, ყურადღებიანი და გულუხვი დამოკიდებულებისთვის მადლობა გადაუხადა და იმედისმომცემი მესიჯიც გაავრცელა:

"როგორც ერი, გამომწვევი სიტუაციის წინაშე ვდგავართ. საფრთხის ქვეშაა ადამიანების სიცოცხლე, საარსებო საშუალებები, ბიზნესი. ზუსტად არავინ ვიცით, როდის დასრულდება ეს, მაგრამ სანამ ეს მოხდება, ვიცხოვროთ იმედით და ერთმანეთის რწმენით. წინ უკეთესი დღეები გველოდება".

ჩარლზი განკურნების შემდეგ უკვე ცოლთან, კორნუოლის ჰერცოგინია კამილა პარკერ ბოულზთან ერთად იმყოფება.

პრინც ჩარლზს კორონავირუსის დიაგნოზი 25 მარტს დაუსვეს.