საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს (TI) ანგარიშის თანახმად, 2019 წელს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტისგან წერილობით 26 სადეპუტატო კითხვა მიიღო და მათგან 12-ს არ უპასუხა.

მისთვის გაგზავნილი კითხვების თითქმის ნახევარს არ უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრმაც — 11 წერილობითი კითხვიდან დეპუტატებმა დავით ზალკალიანის პასუხი მხოლოდ ექვსზე მიიღეს.

TI-ს კვლევა, რომელიც საპარლამენტო კონტროლს ეხება, დღეს გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, 2019-ში ყველაზე მეტი სადეპუტატო კითხვა (26-26) ფინანსთა მინისტრს, ვანო მაჭავარიანსა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ყოფილ მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს გაუგზავნეს.

ფოტო: საერთაშორის გამჭვირვალობა — საქართველოს

ფოტო: საერთაშორის გამჭვირვალობა — საქართველოს

ყველაზე მეტჯერ სადეპუტატო კითხვა გააგზავნეს პარლამენტის წევრებმა:

  • სერგი კაპანაძემ — 184;
  • ირაკლი აბუსერიძემ — 58;
  • ზურაბ ჭიაბერაშვილმა — 43.

საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს განცხადებით, 2019 წლის საანგარიშო პერიოდში პარლამენტის წერილობითი კითხვა 36-მა დეპუტატმა გაგზავნა, ჯამში — 464. აქედან 48-ს ანგარიშვალდებულმა ორგანოებმა პასუხი არ გასცეს.

კვლევაში, ასევე, ნათქვამია, რომ ინტერპელაციის წესით ანგარიშვალდებულ ორგანოებთან გაგზავნილი 20 კითხვიდან 18 ოპოზიციურ პარტიებს ეკუთვნოდათ.

ფოტო: საერთაშორის გამჭვირვალობა — საქართველოს

როგორც TI კვლევაში აღნიშნავს, ფრაქციები აქტიურად იყენებენ მთავრობის წევრთა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების კომიტეტის სხდომაზე დაბარების უფლებას. საანგარიშო პერიოდში თანამდებობის პირები პარლამენტში 42-ჯერ დაიბარეს. აქედან 32-ის ინიციატორი ფრაქციები იყვნენ, ხოლო 10-ის — კომიტეტები. ფრაქციების ინიციატივიდან ოც შემთხვევაში თანამდებობის პირები კომიტეტის სხდომაზე არ მივიდნენ.

საერთაშორისო გამჭვირვალობა ამბობს, რომ საპარლამენტო კონტროლის განხორციელებაში კანონმდებლობით სათანადოდ უზრუნველყოფილი არ არის ოპოზიციის როლი.

გარდა ამისა, ორგანიზაციას მიაჩნია, რომ პარლამენტარები არ ავლენენ დამოუკიდებლობის მაღალ ხარისხს, რის გამოც საპარლამენტო კონტროლი საზოგადოებრივი მნიშვნელობის ყველა საკითხს არ ეხება. ამასთან, კვლევაში ნათქვამია, რომ მთავრობის წევრები და სხვა ანგარიშვალდებული პირები საპარლამენტო კონტროლს პასუხისმგებლობით არ ეკიდებიან, რაზეც დაგვიანებული და პასუხგაუცემელი კითხვები მეტყველებს.

TI ერთ-ერთ გამოწვევად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე სუსტ საპარლამენტო კონტროლს ასახელებს, რაც კანონმდებლობითა და ნდობის ჯგუფის შეზღუდული მანდატითაა განპირობებული.

კვლევის თანახმად, კომიტეტები სხვადასხვა უწყების ანგარიშებს ყოველთვის დადგენილ ვადაში არ განიხილავენ, რამდენიმე შემთხვევაში კი ანგარიშის განხილვა და დასკვნის მიღება დასაბუთების გარეშე გადავადდა. გარდა ამისა, TI აღნიშნავს, რომ პრობლემაა საპარლამენტო კონტროლის პროცესის გამჭვირვალობაც, რადგან ვებგვერდზე ინფორმაცია სრულად ხელმისაწვდომი არ არის და კომიტეტებიც საჯარო ინფორმაციას არასრულად ან დაგვიანებით გასცემენ.