მოსკოვის ოლქში, მათ შორის, ქალაქ მოსკოვში, 19 აპრილის ჩათვლით, ღვთისმსახურებები მრევლის გარეშე ჩატარდება.

მოსკოვის საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული წერილის მიხედვით, გადაწყვეტილება ხელისუფლების სანიტარულ რეკომენდაციებს უკავშირდება. ის ძალაში ხვალიდან, 13 აპრილიდან შედის და აღდგომის ჩათვლით გრძელდება.

მოსკოვსა და მის შემოგარენში საეკლესიო ღვთისმსახურება მხოლოდ სასულიერო პირებისა და უკიდურესად საჭირო დამხმარეების მონაწილეობით ჩატარდება.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ წერილში მრევლს მოუწოდებენ დაიცვან თვითიზოლაციის რეკომენდაცია, დარჩნენ სახლებში და იქ ილოცონ. წირვა-ლოცვის მოსასმენად მათ შეეძლებათ გამოიყენონ ონლაინ სერვისები და სატელევიზიო ტრანსლაციები.

Worldometers-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის რუსეთში კორონავირუსის 15,770 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 130 გარდაიცვალა.