11 აპრილის მდგომარეობით მსოფლიოში:

  • დადასტურებული შემთხვევა — 1 754 457;
  • გარდაცვლილი — 107 520;
  • გამოჯანმრთელებული — 395 418.

მდგომარეობა საქართველოში:

  • დადასტურებული შემთხვევა — 242;
  • გამოჯანმრთელებული — 60;
  • გარდაცვლილი — 3;
  • კარანტინის რეჟიმში — 4929;
  • სტაციონარში — 405;
  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები — 3.

დღის ფაქტი

"მაჩვენე შენი ID ბარათი" — ტუნისის ქუჩებში ადამიანებს "რობოკოპი" აკონტროლებს

ფოტო: Getty Images

სპეციალური რობოტი ტუნისელ პოლიციელებს დედაქალაქში კარანტინის წესების დაცვაში ეხმარება. რობოტი დისტანციურად იმართება და იგი ინფრაწითელი და თერმული კამერებითაა აღჭურვილი — მას ასევე განგაშის ხმოვანი სისტემაც გააჩნია.

"რას აკეთებ? მაჩვენეთ თქვენი პირადობის მოწმობა. არ იცით რომ კარანტინია?" — ასე მიმართავს რობოტი კარანტინის დამრღვევებს.

დღის ფოტო

ინდოეთში კაცს კორონავირუსზე ტესტს უკეთებენ

ფოტო: Reuters

რა ხდება მსოფლიოში

დღის მთავარი ჰედლაინი მსოფლიო მედიაში

აშშ-მ გარდაცვლილთა რაოდენობით იტალიას გადაასწრო

ფოტო: AP Photo

აშშ-მ კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვით იტალიას გადაასწრო. ამერიკაში, სადაც ნახევარ მილიონზე მეტი ინფიცირებულია, 20 071 ადამიანი გარდაიცვალა. იტალიაში ინფიცირების 147 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილი კი 19 468 ადამიანია.

აშშ გახდა პირველი ქვეყანა, სადაც ერთ დღეში ორი ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

რა ხდება საქართველოში

დღის მთავარი ჰედლაინი

კორონავირუსისგან უკვე 60 ადამიანი გამოჯანმრთელდა

ფოტო: ავთანდილ თალაკვაძე / ფეისბუქი

საქართველოში ინფიცირების საერთო რაოდენობა 11 აპრილს 242-მდე გაიზარდა, თუმცა ასევე მოიმატა გამოჯანმრთელებულების რაოდენობამ. ვირუსი უკვე 60-მა ადამიანმა დაამარცხა. გამოჯანმრთელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში.

ამბავი, რომელმაც გაგვაღიმა

იზოლაციაში მოწყენილმა ოჯახმა სიმპსონების დასაწყისი გააცოცხლა

ფოტო: Twitter

სახლში გატარებული რამდენიმე კვირის შემდეგ, როგორც იქნა მივხვდით, რას გრძნობენ შინაური ცხოველები, რომლებიც სახლს იშვიათად ტოვებენ, თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ შეზღუდულ პირობებს ადამიანების წარმოსახვის უნარი არ დაუზარალებია.

ასე მაგალითად, ამ რამდენიმე დღის წინ ტვიტერის მომხმარებელმა ჯოელ სანდერლენდმა კარადაში კარგად მივიწყებული სიმპსონების კოსტიუმები აღმოაჩინა და გადაწყვიტა, ოჯახთან ერთად სპრინგფილდში ემოგზაურა.

ვიდეო დაბალბიუჯეტურია, თუმცა ბავშვები და მშობლები ერთნაირად მონდომებულები არიან, რის გამოც მისი ყურებისას სახიდან ღიმილს ვერ მოიშორებთ.

ერთად თავმოყრილი რეკომენდაციები

ნახეთ წინა შეჯამებები: