ეთერ ჭკადუა ნიუ-იორკსა და იამაიკაზე მოღვაწე ქართველი მხატვარია. მის ტილოებს ავთენტური სტილი, ავტობიოგრაფიული შინაარსი და ფორმა გამოარჩევს. ნახატების მთავარი სუბიექტი, ძირითადად, ქალია — მებრძოლი, იარაღით ხელში, იდუმალი თუ გამომწვევი. ისინი ზოგჯერ ძალიან ჰგვანან მხატვარს, ზოგჯერ — არც ისე. თუმცა, მთავარი ისაა, რომ როგორც თვითონვე ამბობს, ამ ქალებით ის თანამედროვეობაზე ჰყვება.

მის ნახატებში ყოველთვის შეხვდებით ქართულ ელემენტებს. ეს შეიძლება იყოს რაიმე ნივთი ან შტრიხი ეროვნულ მოტივებზე, რომელიც მის ნამუშევრებს უცხოელებისთვის უფრო მეტად ეგზოტიკურს, საინტერესოს ხდის და რომელთა მეშვეობით ის სამშობლოსთან კავშირს არ კარგავს.

ფოტო: The Pool NYC

ეთერ ჭკადუა ახლა ვიეტნამშია. მთავარი არხის დილის გადაცემაში შენი დილა ის ჰყვება, რომ იქ სხვა ქვეყნებთან შედარებით უკეთესი მდგომარეობაა და კარგი დროა იმისთვის, რომ ძველ ნახატებს გადახედოს, გაასუფთავოს და ფოტოები გადაუღოს. "ჩამოვიტანე ფანქარში შესრულებული ჩემი ნახატები და ამით მინდოდა გამეხსენებინა ძველი წლები. ამ პატარა ნახატებში ის პერიოდია, როცა პირველად ნიუ-იორკში ჩავედი", — ამბობს ის. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ვიეტნამში ვერ სტუმრობს მუზეუმებს, ძველ ტაძრებს თუ სხვა ქალაქებს, მისთვის უცხო გარემოს აღმოჩენა სასიამოვნოა. ამბობს, რომ აქ დაგროვილ ემოციებს შემდეგ ხელოვნებაში გადაიტანს.

ფოტო: The Pool NYC

"სიყვარულის ბომბები" — ასე ჰქვია ეთერ ჭკადუას ერთ-ერთ ძველ პროექტს, რომელიც ბოლო დროს აქტუალური გახდა. საყოფაცხოვრებო ნივთებით დამზადებული ჭრელი "ბომბები" მისი ძმის დიზაინით შეიქმნა. როგორც მხატვარი ჰყვება, უნდოდა, ბევრს ენახა ეს ნივთები და ამიტომ ისინი, დაახლოებით ათი წლის წინ, ყელსაბამებად აქცია და გასამხიარულებელი ფუნქცია მიანიჭა. ახლა კი ხელახლა მოძებნა და გააცოცხლა ძველი ფოტოკოლაჟიდან პორტრეტები, რომლებშიც ადამიანებს ეს ბომბები უკეთიათ.

მხატვარმა "ბომბებს" დროებით Anti-Covid-19 დაარქვა, რადგან მათ ვირუსის ფორმა აქვთ. სამომავლოდ კი გეგმავს, ამ აქსესუარებით ინსტალაცია მოაწყოს — შექმნას "ბომბებით" სავსე გვირაბი, რომელშიც დამთვალიერებლები გაივლიან. მას სურს, ადამიანებს პანდემიის შემდეგ დადებითი განწყობა დარჩეთ და ამ პერფორმანსსაც თერაპიული დანიშნულება ექნება.

ეთერ ჭკადუა საქართველოშიც გეგმავს სხვადასხვა პროექტს, მათ შორის ილუზიების მუზეუმთან თანამშრომლობას და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში თავისი ნამუშევრების რეტროსპექტიულ გამოფენას, სადაც სხვადასხვა პერიოდებში შექმნილ ნახატებს გამოფენს.

მანამდე კი, სანამ მუზეუმები დახურულია და გამოფენებიც შეჩერებულია, ეთერ ჭკადუას ნამუშევრები ციფრულად დაათვალიერეთ:

ნახეთ ეთერ ჭკადუას ინტერვიუ, რომელიც მთავარი არხის დილის გადაცემაში "შენი დილა" გავიდა.