სტრიმინგ სერვისებს შორის Hulu გახდა ის კომპანია, რომელმაც სამხრეთ კორეელი რეჟისორის, ბონგ ჯუნ ჰოს ფილმის პარაზიტი თავის პლატფორმაზე ჩვენების უფლება მოიპოვა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ფილმი გასული წლის ნამდვილი აღმოჩენა გახდა და თითქმის ყველა მნიშვნელოვან კინოდაჯილდოებაზე გამარჯვება მოიპოვა, რა თქმა უნდა, მილიონობით მაყურებელს შორის გამოჩდნენ ისეთებიც, ვინც ამ კინოსურათით უკმაყოფილო დარჩა.

მაგალითად, ტვიტერზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა, რომ პარაზიტი "პათეტიკური ფილმია". როგორც ჩანს, Hulu-მ ამ ფილმის სტრიმინგის უფლების მოპოვებასთან ერთად გადაწყვიტა, რომ მისი დაჩაგვრის უფლებაც არავის მისცეს და ამ კომენტარს ასე უპასუხა: "ამ ფილმმა მოიგო... ოთხი ოსკარი..."

ბონგ ჯუნ ჰოს შედევრი აშშ-ში Hulu-ს პლატფორმაზე 8 აპრილს გამოჩნდა, ამ ფაქტს კი კიდევ ერთი კრიტიკოსი გამოუჩნდა:

"ეს ფილმი ინგლისურენოვანი არ არის და არავის ენდომება იმ ფილმის ნახვა, რომლის გასაგებადაც სუბტიტრების კითხვაა საჭირო."

რა თქმა უნდა, Hulu-მ არც ეს კომენტარი დატოვა უყურადღებოდ:

"თუ არ გინდათ, რომ სუბტიტრები იკითხოთ, ყოველთვის შეგიძლიათ კორეულის სწავლა!"

პარაზიტი 2019 წლის ტრიუმფატორი ფილმია, რომელმაც შეძლო და კინოსამყაროში ისტორიული გამარჯვებები მოიპოვა: ჯერ კანის კინოფესტივალზე გადაეცა ოქროს პალმის რტო და ამით პირველი სამხრეთ კორეული ფილმი გახდა, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო; შემდეგ კი ოსკარების დაჯილდოებაზე კიდევ სამ ნომინაციაში გამარჯვებასთან ერთად საუკეთესო ფილმად დასახელდა, რითიც პირველი არაინგლისურენოვანი ფილმი გახდა, რომელმაც ოსკარების 92-წლიანი ისტორიის განმავლობაში ამ კატეგორიაში გამარჯვება შეძლო.