გადაცემა იმედის დროში, ერთ-ერთ სკოლაში მისული განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მასწავლებელთან საუბრისას კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ სკოლებში საზეპიროების სწავლა სამომავლოდ შესაძლოა არც ისე გამოსადეგი იყოს:

"ისეთი რაღაცეები მახსოვს, რაც აი არაფერში არ გამომდგომია, დაჟე თამადაც ვიყავი და ვთამადობდი და იქაც არ გამომადგა ეს ლექსების სწავლა. ავთანდილის ანდერძს გამოვყოფდი, ჩემთვის ესთეტიური სიამოვნების გამო, მაგრამ შუშანიკის საზეპიროები, ტრაგიკული, საშინელი, უარყოფითია. უხეთქნა და გაებუშტნა თვალი და დავიღუპეთ, მგონია რომ რაღაცა ის არის. მაგას კიდევ რა უჭირს, მენდელეევის ტაბულა წარმოიდგინეთ, როგორი სასიამოვნო დასაზეპირებელია და ვალენტობა ყველა ნივთიერების".

2 კვირის წინ, ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარებულ საჯარო ლექციაზე, ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ სკოლა მოსწავლეებისთვის უინტერესო ადგილად იქცა, თუმცა მინისტრის თქმით, ეს პრობლემა მოგვარებადია და სკოლა "ერთ-ორ წელიწადში" საინტერესო ადგილი გახდება.