ქართული წარმოების პირბადეების კრიტიკის შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ბრიფინგზე ამ პირბადით გამოვიდა. კრიტიკის პასუხად მან, განაცხადა, რომ პირბადეები უსაფრთხოა და თავად დიზაინითაც კმაყოფილია. მისი თქმით, შეიძლება, დიზაინერმა, დემნა გვასალიამ ასეთი პირბადე გამოუშვას.

"ასეთი რაღაცები მოსწონს ხოლმე, გახსოვთ ხომ რა ჰქონდა გამოშვებული. მე ვიზუალსაც ვერაფერს ვუწუნებ", — განაცხადა მან.

იმნაძე განმარტავს, რომ ეს პირბადეები "წინ გადადგმული ნაბიჯია", ვიდრე ჩვეულებრივი, რადგან ცხვირის მხარე მონიშნულია და მომხმარებელს გაკეთებისას არ შეეშლება.

იმნაძის თქმით, მსგავსი პირბადეებით, შავ ჭირზე, ყვავილის ვირუზე და სხვა ინფექციურ დაავადებებზე უმუშავიათ.

"ეს [პირბადე] იცავს წვეთოვანი ინფექციებისაგან ძალიან ეფექტურად. ეს [Covid-19] არის წვეთოვანი ინფექცია", — განაცხადა მან.

მისი თქმით, ექიმებსაც ამ პირბადეების გამოყენებას ურჩევენ გარდა იმ შემთხვევებისა, სადაც აეროზოლიზაციის რისკია მაღალი. ასეთ დროს მათ რესპირატორები უნდა ეკეთოთ.

ქართული პირბადეების ფოტოები სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა. ვიზუალის კრიტიკის გარდა, მომხმარებლებმა კითხვის ქვეშ დააყენეს მათი ხარისხიც.

ფოტო: ანდრო გაბისონია / FB

პირბადეებს საქართველოს მთავრობა აწარმოებს. მათი ფასი 50 თეთრია და ერთ მომხმარებელს 3 ცალის ყიდვა შეუძლია.