დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

დეკანოზი შალვა კეკელია, რომელიც საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ხალხმრავალ წირვებს ატარებს, ამტკიცებს, რომ ეკლესია სასულიერო პირების კორონავირუსზე ტესტირებაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედვას. მისი თქმით, შეუძლებელია ამაზე ვინმე წინააღმდეგი იყოს. ამ თემაზე შალვა კეკელიამ რუსთავი 2-თან ისაუბრა.

"რისკჯგუფში არის ყველა ადამიანი, ვისაც ადამიანებთან შეხება აქვს, ეს ბუნებრივია. ჩვენ, ეკლესიას არასდროს არ უთქვამს... სასულიერო პირები, ვესინჯებით კიდევაც, დავდივართ ექიმებთან, ვიღებთ ანალიზებს, ჩვეულებრივად. თუ ვინმე ამ ანალიზს აგვიღებს, ეკლესია ამის წინააღმდეგი არასდროს არ იქნება. როგორ შეიძლება წინააღმდეგი ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცამ აგვიღოს ამაზე ტესტი. ვერანაირ პრობლემასაც ვერ ვხედავთ ამაში", — თქვა შალვა კეკელიამ.

ჯანდაცვის სამინისტრომ, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და სამედიცინო სფეროს ექსპერტებმა Covid-19-ის ტესტირების ალგორითმი შეიმუშავეს, რომელიც განსაზღვრავს, ვინ და როგორ დაიტესტება. ალგორითმში მოხვდნენ სასულიერო პირებიც. ამ თემაზე გუშინ პრემიერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა:

"ეს უკავშირდება ყველაფერს და პირველ რიგში, რისკების შეფასებას ეპიდემიოლოგების მხრიდან. საერთოდ, ამ პროტოკოლის შეცვლა დაკავშირებულია რისკების შეფასებასთან და რა თქმა უნდა, ეპიდემიის განვითარებასთან, ახალ ეტაპზე გადასვლასთან ქვეყანაში".

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 230 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან გარდაცვლილია 3 ადამიანი, გამოჯანმრთელებულია 54.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: