კორონავირუსის პანდემიის გამო სხვა მრავალ შეზღუდვასთან ერთად არაერთი დაგეგმილი მუსიკალური კონცერტი თუ ფესტივალი გადაიდო ან ჩაიშალა, შესაბამისად ცოცხალი მუსიკით ტკბობა დროებით მიუწვდომელ ფუფუნებად ითვლება.

თუმცა მსოფლიოში ცნობილმა ინგლისურმა როკ ჯგუფმა Radiohead გადაწყვიტა თავისი მსმენელები მოულოდნელად გაეხარებინა და კარანტინში გატარებული პერიოდის შესამსუბუქებლად კონცერტების ჩანაწერები ყველასთვის ხელმისაწვდომი გაეხადა.

ამის შესახებ ჯგუფის ტვიტერის ოფიციალურმა გვერდმა 8 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია: სანამ კარანტინი გაგრძელდება, Radiohead კვირაში ერთხელ სხვადასხვა კონცერტის ჩანაწერებს სრულიად უფასოდ გაავრცელებს.

ამ კვირისთვის კი უკვე დუბლინში 2000 წელს გამართული კონცერტის სრული ჩანაწერი გუშინ, 9 აპრილს ატვირთეს:

შესაბამისად, თუ წელს თქვენი ამ საყვარელი ბენდის ცოცხლად მოსმენა გქონდათ დაგეგმილი და არსებულმა ვითარებამ ხელი შეგიშალათ, სანაცვლოდ მათი ცნობილი კონცერტებით ტკბობა სრულიად უფასოდ და სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ.