ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 143 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პოლიციამ, 9 აპრილის 21 საათიდან 10 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით 75 მოქალაქე დააჯარიმა.

ასევე, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობისთვის, სულ 42 მოქალაქე დააჯარიმეს.

მათივე ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის კიდევ 21 პირი დააჯარიმეს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის ფიზიკურ პირი 3 000 ლარით ჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი – 15 000 ლარით.