პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ქართული პირბადეების კრიტიკას გამოეხმაურა. მისი თქმით, კრიტიკის ძირითადი საგანი ისაა, რომ ეს პირბადეები "მოდური არაა".

"ეს არის პირბადეები, რომელიც განკუთვნილია სამედიცინო და პრევენციული მიზნებისთვის. აქ ვიზუალური მხარე მეორეხარისხოვანია. ვიზუალურადაც მაქსიმალურად მორგებულია იმ რეალობას, რომელიც სჭირდება ასეთი პირბადის შეკერვას", — აღნიშნა კობახიძემ გადაცემა ღია ეთერში.

სააფთიაქო ქსელებში ქართული წარმოების პირბადეები უკვე იყიდება. პირბადეების ხარისხი სოციალურ ქსელში კრიტიკის საგანი გახდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოში დამზადებული პირბადეები საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის სავსებით მისაღებია. მისივე თქმით, პირბადეები ცენტრმა შეამოწმა და რეკომენდაციაც მისცა.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა საწყის ეტაპზე სახელმწიფო აფთიაქებს 400 000 პირბადეს მიაწვდის, რომლის ფასიც 50 თეთრი იქნება. ერთ ადამიანს 3 ცალი პირბადის შეძენა შეეძლება.