ფინელმა მეცნიერებმა შექმნეს სამგანზომილებიანი სიმულაცია, სადაც ჩანს, თუ როგორ ვრცელდება დახურულ სივრცეში დახველებისას სითხის მირკოსკოპული წვეთები ჰაერში.

"ვირუსის შემცველი მიკროსკოპული წვეთები ჰაერში იმაზე დიდი ხნის განმავლობაში რჩება, ვიდრე აქამდე გვეგონა. ამის გამო საჭიროა, რომ გადატვირთულ დახურულ სივრცეებს თავი მაქსიმალურად ავარიდოთ", — ნათქვამია განცხადებაში.

ვიდეოში მოცემული სამგანზომილებიანი გარემო სასურსათო მაღაზიის ანალოგია — სივრცე თაროებითაა გაყოფილი, გათვალისწინებულია ჰაერის ვენტილაციაც.

"დახველების შედეგად აეროზოლი დერეფანში ვრცელდება. წვეთების ღრუბლის დაშლას რამდენიმე წუთი სჭირდება"

"კორონავირუსით ინფიცირებულმა ადამიანმა, შესაძლოა, დაახველოს და ჩაიაროს, თუმცა ის უკან სითხის ძალიან პატარა წვეთებს ტოვებს, რომლებიც კორონავირუსს შეიცავს. ეს წვეთები კი შემდეგ სხვა ადამიანის სასუნთქ გზებში ხვდება", — აცხადებს აალტოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ვილე ვუორინენი.

მშრალი ხველების დროს წარმოქმნილი წვეთები 15 მიკრომეტრზე პატარა ზომისაა, ამის გამო ისინი ჰაერში უფრო დიდი ხნის განმავლობაში ჩერდებიან. ჰაერის ნაკადები კი მათ გავრცელებას უწყობს ხელს.

კვლევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ხალხმრავალი ან სარისკო ადგილების თავიდან არიდება კორონავირუსის შესაჩერებლად ეფექტური გზაა.