საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღეს 9 აპრილის მემორიალთან არ მივიდა, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი ამას ვერ შეძლებდა. მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ არ გვახსოვს გმირების თავდადება

"ეს არ ნიშნავს, რომ რამენაირად დაკნინდა 9 აპრილის დღესასწაული და ტრაგიზმი! ეს ყველაფერი ჩვენთანაა და შეიძლება კიდეც სახლში უფრო გავიაზროთ — რას ნიშნავს ეს დღე ჩვენი დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოსთვის, რამდენად მძიმე, მაგრამ ამავდროულად, სიმბოლური დღეა დღეს", — ასე მიმართა მან საზოგადოებას.

დღეს 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით არ შეუმკიათ, რადგან ის ჯერ კიდევ მწვანე ღობითაა შემოსაზღვრული პარლამენტთან მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო. პრემიერ-მინისტრმა ყვავილები და სანთლები მიიტანა ამ ღობესთან, რომელსაც "ბიძინას ბოსტანი" და სხვა საპროტესტო წარწერები აქვს. ოცნების საპარლამენტო ლიდერებმა კი ყვავილები 9 აპრილის ბაღში მიიტანეს.

31 წლის წინ, 1989 წლის 4 აპრილს სეპარატიზმისა და მოსკოვის ანტიქართული პოლიტიკის წინააღმდეგ მშვიდობიანი აქციები დაიწყო, რომელიც მალევე დამოუკიდებლობის მოთხოვნაში გადაიზარდა. 9 აპრილს, გამთენიას რუსულმა არმიამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ხალხის დარბევა დაიწყო. მშვიდობიან, ხელაწეულ დემონსტრანტებს მომწამლავი ქიმიური საშუალებები, ცეცხლსასროლი იარაღი, სასანგრე ბარები, ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები დაუპირისპირეს.

სადამსჯელო ღონისძიებებს 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან 17 ქალია. ქალებს შორის ყველაზე უმცროსები 16 წლის უფროსი კი 70 წლის. იმდროინდელ ბეჭდურ გამოცემებთან ინტერვიუში აქციის მონაწილეები იხსენებენ, რომ ჯარისკაცები ყველაზე აგრესიულები ორსულების და მოხუცების მიმართ იყვნენ.

გაიგეთ მეტი: