ქართული ოცნების საპარლამენტო ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, ივანიშვილი ფიქრობს, რომ მისი მთავარი კონტრიბუცია, არა ფულადი დონაცია, არამედ სახელმწიფო სტრუქტურების გამართული მუშაობაა. მისი თქმით, კრიზისში კარგად გამოჩნდა, როგორ მუშაობს საქართველოს მთავრობა და ამით ამაყობენ.

"ბატონი ბიძინა თვლის... ვიცი მისი აზრი და ამიტომ მივეცი თავს უფლება ეს მელაპარა, ალბათ, თვითონ ამაზე ასე მარტივად ვერ ილაპარაკებს... რომ მთავარი კონტრიბუცია არის სახელმწიფო სისტემებისა და ინსტიტუციების ასე გამართული მუშაობა, რომელიც კრიზისში უფრო კარგად გამოჩნდა", — ასე გამოეხმაურა ის ტელეკომპანაი იმედის ეთერში ბიძინა ივანიშვილის მიერ ფულის ჩარიცხვას.

პარტია ქართულმა ოცნებამ დაადასტურა, რომ გუშინ, 8 აპრილს გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ StopCov ფონდში 100 მილიონი მათმა თავმჯდომარემ და მისმა ოჯახმა გადარიცხა.

13 მარტს ფონდმა ქართუმ გაავრცელა განცხადება, რომ კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლაში მზადაა, საჭიროებისა და დანაკლისის შემთხვევაში სახელმწიფოს ფინანსურად დაეხმაროს. ფონდის განცხადება მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ გაავრცელა:

"ქართუ ფონდი, თავის მხრივ, გამოთქვამს მზადყოფნას საჭიროების, ნებისმიერი შესაძლო ფინანსური თუ სხვა სახის დანაკლისის შემთხვევაში, საკუთარი სახსრებით შეავსოს ეს დანაკლისი და სახელმწიფოს გამოუყოს იმ მოცულობის ფინანსური რესურსი, რაც საჭირო იქნება ვირუსის გავრცელების საფრთხისგან საზოგადოების მაქსიმალურად დასაცავად".

StopCov ფონდი მთავრობის ინიციატივით შეიქმნა და შეგროვებული თანხა კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად უნდა დაიხარჯოს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: