პასექი წელს 8 აპრილიდან 16 აპრილის ჩათვლით აღინიშნება. ის ებრაულ სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე დიდ დღესასწაულად მიიჩნევა. როგორც წესი, ებრაული ოჯახები და მათი მეგობრები ამ დღეს ერთად იკრიბებიან, შეექცევიან განსაკუთრებულ სადილს — სედერს, კითხულობენ რელიგიურ ტექსტებს, მღერიან და ამბებს ჰყვებიან. ეს ის დროა, როცა ებრაელები იხსენებენ, როგორ დაიხსნა მოსემ მათი წინაპრები ეგვიპტელების მონობიდან.

თუმცა ფიზიკური დისტანცირების ზომების მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიღება იმას ნიშნავს, რომ წელს ებრაელები სედერის სადილზე ახლობლებს ვერ მოიწვევენ.

ახლოვდება აღდგომა და რამადანიც, ასე რომ, მთელ მსოფლიოში ერთნაირი დილემის წინაშე დგანან ქრისტიანი და მუსლიმი მორწმუნეებიც.

ზოგიერთი ეკლესია და სასულიერო პირი ყურადღებას არ აქცევს მითითებებს სახლში დარჩენის შესახებ. თუმცა, ვინც თვითიზოლაციის წესს ემორჩილება, ისინი ერთი მნიშვნელოვანი კითხვის წინაშე დგანან: როგორ უნდა აღნიშნონ ის რელიგიური დღესასწაულები, რომელთა არსიც მორწუნეთა შორის ერთიანობის გრძნობის გაღვივებაა?

ინტერნეტში გადატანილი უძველესი ცერემონიები

სედერის სადილი ებრაული პასექის აღნიშვნის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია.

ფოტო: Getty Images

რაბინი რიკ იაკობსი ნიუ-იორკში ცხოვრობს — ქალაქში, რომელიც აშშ-ს მასშტაბით დაავადების გავრცელების ეპიცენტრია. იგი რეფორმირებული იუდაიზმის გაერთიანების პრეზიდენტია.

იმ ადამიანებისთვის, ვინც სედერზე მასპინძლობას ვირტუალურად გადაწყვეტს, რაბინ იაკობსს რჩევები აქვს. მათგან უმთავრესი ეხება იმას, თუ როგორ უნდა შეცვალონ და მოარგონ მორწმუნეებმა ამჟამინდელ სიტუაციას ცერემონიის სხვადასხვა ნაწილი. "სედერის რიტუალის ერთ-ერთი ტრადიცია ხელის დაბანაა", — ამბობს იგი, — "რეალურად, ეს სიმბოლური განწმენდის აღმნიშვნელი უფროა, ვიდრე ფიზიკური ჰიგიენის დაცვის სურვილი. თუმცა ახლა ჩვენ ამ რიტუალით ვცდილობთ, ჩვენს შვილებს ვასწავლოთ, რომ ხელების კარგად დაბანა პირდაპირ კავშირშია ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობასთან".

სედერის თეფშზე განთავსებული თითოეული საკვები გამოსვლის კონკრეტულ ამბავს უკავშირდება.

ფოტო: Getty Images

იაკობსი მორწმუნეებს ასევე ასწავლის, როგორ გახადონ ეს ცერემონია უფრო ინტერაქტიული: "ცერემონიის ერთ-ერთი ტრადიციული ნაწილია ელია წინასწარმეტყველისთვის კარის გაღება. როგორც წესი, სედერის უმცროს მონაწილეს სთხოვენ ხოლმე ამის გაკეთებას. თუმცა თუკი თქვენი ოჯახის ყველაზე პატარა წევრი სედერს ვერ ესწრება, შეგიძლიათ, მას სთხოვოთ, ელექტრონული მოწყობილობა აიღოს ხელში და იმ სახლის კარისკენ წავიდეს გასაღებად, რომელშიც იმყოფება.

"თუმცა, სიმართლე ისაა, რომ ამ ქმედებას სიმბოლური დატვირთვა აქვს. ამის გათვალისწინებით, როგორ უნდა შევიგრძნოთ კარის გაღების მნიშვნელობა და ხსნის მოლოდინი? ამ დროს გირჩევთ, ზუმის ჩეტი გამოიყენოთ და იქ მყოფთაგანს რიგრიგობით ჰკითხოთ, რა ეიმედებათ; რისი გაკეთებისთვის არიან მზად, რომ ჩვენს სამყაროს ერთიანობა და მშვიდობა დავუბრუნოთ.

"პასექის არსი სწორედ ისაა, რაც ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება. ეს არის ამბავი ებრაელი ხალხის შეუპოვრობისა მაშინ, როცა მათთვის რთული ჟამი იდგა. ეს რიტუალი გვახსენებს, რომ ყოველთვის უნდა გვქონდეს იმედი".

ვირტუალური ზიარება

წითელ პარასკევს მორწმუნეები ქრისტეს ჯვარცმას იხსენებენ.

ფოტო: Getty Images

ძალიან მნიშვნელოვანი დროა ახლა ქრისტიანებისთვისაც. სულ ცოტა ხანი რჩება აღდგომამდე, რომელიც ყველაზე მრავალრიცხოვანი რელიგიური ჯგუფისათვის უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია — ამ დღეს ისინი იხსენებენ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას ჯვარცმის შემდეგ.

ამ პერიოდში — განსაკუთრებით წითელ პარასკევსა და აღდგომას — ბევრი ადამიანი იყრის თავს ტაძრებში. თუმცა ქრისტიანული სამყაროს ეკლესიათა უმრავლესობაში ახლა რიტუალები და ზიარების საიდუმლო განსხვავებულად ტარდება.

ქეროლ კუცუში, რომელიც მორწმუნე ქრისტიანია და კენიის ქალაქ ნაირობიში ცხოვრობს, ამბობს: "წელს ზიარება წითელ პარასკევს ზუმის მეშვეობით ჩატარდება. შექმნილი სიტუაციის გამო ეკლესიაში მისვლას და სეფისკვერის მიღებას ვერ შევძლებთ. ამიტომ სხვა სახის სიმბოლურ ელემენტს გამოვიყენებთ. უბრალოდ, ჩვეულებრივი პურის ნაჭერს და ყურძნის წვენს ავიღებთ, ვილოცებთ და შემდეგ საზიაროდ ერთდროულად მივიღებთ მათ".

ზიარება ქრისტიანული ღვთისმსახურების მნიშვნელოვანი ნაწილია.

ფოტო: Getty Images

მიუხედავად იმისა, რომ კენიაში საყოველთაო კარანტინი ჯერ არაა გამოცხადებული, ღამის საათების განმავლობაში კომენდანტის საათი მოქმედებს, რომლის დროსაც მთავრობა მოსახლეობას სახლში დარჩენას ავალდებულებს.

ქეროლის ეკლესიის მრევლის წევრები, როგორც წესი, ერთმანეთის სახლებში მართავენ ყოველკვირეულ მცირე შეხვედრებს. ახლა კი მათი შეკრებები ვირტუალურ სივრცეში იმართება და გახშირდა კიდეც: "ჩვენი ეკლესიის მეთაურები წმინდა საკითხავს და მასზე სამსჯელო თემებს ყოველკვირეულად გვიგზავნიან. ჩვენი დისკუსიებიც ზუმით იმართება ყოველ სამშაბათსა და პარასკევს. ბოლოს კი ერთად ვლოცულობთ. ეს ცოტათი რთულია, თუმცა, ვფიქრობ, შესანიშნავი გზაცაა, რომ ჩვენი სახლებიდან უფრო მეტად დავუახლოვდეთ ღმერთს და ამ პროცესსა და ბიბლიის კითხვაში ბავშვებიც ჩავრთოთ".

ქეროლისვე თქმით, საკუთარი ეკლესიის წევრებთან ამგვარ კავშირს სხვა ბევრი კარგი მხარე აქვს: "ვფიქრობ, ამ გამოცდილებამ იმაზე მეტად დაგვაახლოვა, ვიდრე აქამდე ვიყავით".

სრულიად განსხვავებული რამადანი

მუსლიმებისთვის რამადანი საკუთარ თავზე დასაფიქრებლად და ალაჰთან დასაახლოებლად განკუთვნილი დროა.

ფოტო: Getty Images

მუსლიმური რამადანის წმინდა თვე წელს 23 აპრილს იწყება. ამ თვეში მორწმუნეები იხსენებენ დროს, როცა მუსლიმური წმინდა წიგნი, ყურანი პირველად გაცხადდა მუჰამედ წინასწარმეტყველისთვის.

მუსლიმები დღის განმავლობაში უარს ამბობენ საკვებისა და წყლის მიღებაზე, რაც რწმენისადმი მათი ერთგულების გამოვლინებაა, რათა მეტად დაუახლოვდნენ ალაჰს. ყოველ საღამოს კი, როცა მზე ჩავა, ოჯახები და მეგობრები ერთად იყრიან თავს, რათა მარხვის შემდეგ იფთარის ვახშამს შეექცნენ. ბევრი მათგანი მეჩეთშიც მიდის სალოცავად.

იფთარის დროს ოჯახები და მეგობრები ერთად მიირთმევენ საკვებს მარხვის შემდეგ.

ფოტო: Getty Images

ბრიტანეთში ახალგაზრდა მუსლიმები ცდილობენ, ახალი რეალობა ხელსაყრელ შესაძლებლობად აქციონ. რამადანის კარვის პროექტი ყოველწლიურად მართავს ხოლმე ღონისძიებათა სერიას, ღია იფთარს. ამ დროს პროექტის წევრები კარავს შლიან ისეთ ხალხმრავალ ადგილას, როგორიც ლონდონის ტრაფალგარის მოედანია. ვახშამზე ყველა მრწამსის ადამიანია ხოლმე მიწვეული.

წელს ისინი რამადანის პირველ დღეს ვირტუალურ იფთარს გამართავენ და იმედი აქვთ, რომ მათ ათასობით ადამიანი შეუერთდება. ჯგუფი მსურველებს სრულყოფილი იფთარის მოსაწყობად საჭირო პროდუქტთა ნაკრებს უგზავნის, სადაც რეცეპტები, თამაშები და ბუკლეტებია თავმოყრილი.

ზუმით გამართული იფთარის ვახშმები და ვიდეოზარით ლოცვა მთლიანი რამადანის განმავლობაში ყოველდღიურად გაიმართება. "ეს ის საღამოს ლოცვაა, რომელსაც მაღრიბს ვუწოდებთ. ამ დროს ჩვენ პირველად ვტეხთ პურს მარხვის შემდეგ", — ამბობს ერთ-ერთი მორწმუნე.


როგორც ამ სამი რელიგიის მიმდევართა შემთხვევები ამტკიცებს, რიტუალის აღსასრულებლად კონკრეტული ადგილის არსებობა აუცილებელი არ არის. განსაკუთრებით ახლა, როცა ასეთ რთულ პერიოდში ვიმყოფებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამოჩენა, რათა საზოგადოებრივ ჯანდაცვას საფრთხე არ შეექმნას.