9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მოქალაქეებმა სოლიდარობის აქცია დაგეგმეს. საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის გამო აქციის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ გმირებს პატივი სახლიდან მიაგონ. ისინი ყველას მოუწოდებენ, რომ დილიდან აივანზე საქართველოს დროშები გადმოფინონ, საღამოს 10 საათზე კი ეროვნული ჰიმნი იმღერონ.

იდეას უერთდება ეროვნული ბიბლიორთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძეც:

"დრო ცოტაა, მაგრამ სრულიად საკმარისი: დღეს, საღამოს 10 საათზე, სახლებში მყოფებმა შევაღოთ ჩვენი ფანჯრები და ერთმანეთს საქართველოს ჰიმნი მოვასმენინოთ, ხოლო ვისაც გააჩნია - დროშები გადმოვფინოთ. ეს დღე გმირების ტრაგიკულად დაღუპვის და დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა. იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის.

სულ მცირე, ამ დროს თქვენსავე გვერდზე განათავსეთ ჰიმნი - #9აპრილი".

31 წლის წინ, 1989 წლის 4 აპრილს სეპარატიზმისა და მოსკოვის ანტიქართული პოლიტიკის წინააღმდეგ მშვიდობიანი აქციები დაიწყო, რომელიც მალევე დამოუკიდებლობის მოთხოვნაში გადაიზარდა. 9 აპრილს, გამთენიას რუსულმა არმიამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ხალხის დარბევა დაიწყო. მშვიდობიან, ხელაწეულ დემონსტრანტებს მომწამლავი ქიმიური საშუალებები, ცეცხლსასროლი იარაღი, სასანგრე ბარები, ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები დაუპირისპირეს.

სადამსჯელო ღონისძიებებს 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან 17 ქალია. ქალებს შორის ყველაზე უმცროსები 16 წლის უფროსი კი 70 წლის. იმდროინდელ ბეჭდურ გამოცემებთან ინტერვიუში აქციის მონაწილეები იხსენებენ, რომ ჯარისკაცები ყველაზე აგრესიულები ორსულების და მოხუცების მიმართ იყვნენ.