ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ "ქველმოქმედება ბიძინა ივანიშვილისთვის ცხოვრების ჩვეული სტილია 90-იანი წლებიდან მოყოლებული". მდინარაძე თავისივე პარტიის თავმჯდომარის მიერ StopCov ფონდში 100 მილიონის გადარიცხვის ფაქტზე ამბობს, რომ ესეც "ქველმოქმედების გაგრძელებაა".

"ბუნებრივია, როდესაც ხარ იმედიანად, რომ გყავს გვერდით ადამიანი და ქვეყანას და ხალხს ჰყავს ისეთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია ასეთი ქველმოქმედება, დონაცია გააკეთოს, ეს ყოველთვის მისასალმებელია", — ამბობს მდინარაძე და იხსენებს იმასაც, რომ ამას გარდა, წარსულში პარტიის თავმჯდომარემ ნახევარ მილიარდამდე გაიღო ქველმოქმედების სახით ჯანდაცვის სფეროში.

პარტია ქართულმა ოცნებამ დაადასტურა გუშინ, 8 აპრილს გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ StopCov ფონდში 100 მილიონი მათმა თავმჯდომარემ გადარიცხა. მათი თქმით, ეს თანხა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა ჩარიცხა.

"სპეციალურად StopCoV ფონდისთვის 100 მილიონი ლარი ბიძინა ივანიშვილმა ქართუ ფონდში რამდენიმე დღის წინ ჩარიცხა.

ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დონაცია კორონავირუსთან ბრძოლის ფონდის ანგარიშზე გუშინ გვიან ღამით აისახა", — წერია პარტიის განცხადებაში.

13 მარტს ფონდმა ქართუმ გაავრცელა განცხადება, რომ კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლაში მზადაა, საჭიროებისა და დანაკლისის შემთხვევაში სახელმწიფოს ფინანსურად დაეხმაროს. ფონდის განცხადება მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ გაავრცელა:

"ქართუ ფონდი, თავის მხრივ, გამოთქვამს მზადყოფნას საჭიროების, ნებისმიერი შესაძლო ფინანსური თუ სხვა სახის დანაკლისის შემთხვევაში, საკუთარი სახსრებით შეავსოს ეს დანაკლისი და სახელმწიფოს გამოუყოს იმ მოცულობის ფინანსური რესურსი, რაც საჭირო იქნება ვირუსის გავრცელების საფრთხისგან საზოგადოების მაქსიმალურად დასაცავად".

StopCov ფონდი მთავრობის ინიციატივით შეიქმნა და შეგროვებული თანხა კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად უნდა დაიხარჯოს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: