შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, შესაძლოა, საპატრიარქოსთან შეთანხმდნენ, რომ კომენდანტის საათის მიუხედავად, ღამის ლიტურგიაზე მისული მრევლი თუ ტაძრებიდან 6 საათამდე გარეთ არ გამოვა, კანონდარღვევად არ ჩაითვალოს.

მისი თქმით, კანონს ყველაზე კარგად ეკლესიაში იცავენ.

"კომენდანტის საათის დროს თუ იქნება, რომ 6 საათამდე აღარ გამოვიდნენ გარეთ, რასაც იძახდნენ ჩვენი სასულიერო პირები, კანონის დარღვევა იქნება თქვენი აზრით? მე ხაზი გავუსვი, რომ ჩვენ შევთანხმდებით საპატრიარქოსთან. თუ შევთანხმდებით, რომ იქნება მასე, იქნება მასე. თუ არ შევთანხმდებით, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა არ ექნება. თვითონ მოუწოდებენ მეუფეები, რომ დაჯარიმდებით და ნუ დაარღვევთ კანონს", — განაცხადა გომელაურმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 31 მარტიდან 21 საათიდან დილის 6 საათამდე გადაადგილება აკრძალულია. შეზღუდვა ეხება, როგორც ქვეითად, ასევე, ტრანსპორტით მოსიარულეებს ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით.

ასევე, საყოველთაო კარანტინის პირობებში, სამზე მეტი პირის თავშეყრა იკრძალება, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა.

მიუხედავად სახელმწიფოს აკრძალვებისა, დეკანოზ შალვა კეკელიას აზრით, კომენდანტის საათის პირობებშიც შესაძლებელია, რომ მრევლის სააღდგომო ღამისთევის ლიტურგია დაესწროს ტაძრებში. მისი თქმით, ადამიანები 21:00 საათამდე მოვლენ ეკლესიაში, გადანაწილდებიან, ტაძარში იქნება მონიშნული ადგილები და დილის 06:00 საათის შემდეგ სახლებში წავლენ.