ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ჰოლივუდში 2001 წელს გამოსული საკულტო საშინელებათა ჟანრის ფილმის, The Others-ის რიმეიქის გადაღებას გეგმავენ. Deadline-ის ცნობით, კინოსტუდია Sentient Entertainment-მა უკვე მოიპოვა ფილმის გადაღების უფლებები და შეძლებისთანავე მასზე მუშაობაც დაიწყება.

სხვები ჩილელი რეჟისორის ალეხანდრო ამენაბარის ფილმია, რომელიც 21-ე საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო საშინელებათა ჟანრის კინოსურათად ითვლება. აღსანიშნავია, რომ ფილმი თავის დროზე კინოგაქირავებაშიც ძალიან წარმატებული აღმოჩნდა: $17-მილიონიანი ბიუჯეტით მისმა შემოსავლებმა 200 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

20 წლის წინ გადაღებული ამ ცნობილი ფილმის სიუჟეტი 1945 წელს ვითარდება და დედისა და ორი შვილის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც სინათლეზე ალერგიის გამო დღის მთელ მონაკვეთს სახლში ატარებენ. ახალი ფილმის ისტორია კი თანამედროვე დროში განვითარდება.

"ლამის უცნაური და საშიშია ის ფაქტი, თუ როგორი აქტუალურია ამ ფილმში გაცოცხლებული თემები დღეს: თვითიზოლაცია, პარანოია, შიში და რა თქმა უნდა, მუდმივი სურვილი, რომ ჩვენი შვილები და საკუთარი თავი დავიცვათ სიავისგან. ჩვენ ერთი სული გვაქვს მთავარი გმირის, გრეისის პიროვნება კიდევ უფრო უკეთ გავიცნოთ, რომლის შიგნითაც დაგროვილი ტკივილი და ემოციები მაყურებლებს ნამდვილ ამაღელვებელ თავგადასავალში ჩაითრევს", — განაცხდა ფილმის ერთ-ერთმა პროდიუსერმა, რენე ტაბმა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ მიიღებს მონაწილეობას ამ ახალ პროექტში, თუმცა უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰოლივუდის გავლენიანი ვარსკვლავები უკვე დაინტერესებულები არიან მისით.

ამ საკულტო ფილმში თავის დროზე მთავარი როლი ნიკოლ კიდმანმა შეასრულა და ოქროს გლობუსის ნომინაციაც დაიმსახურა. შესაბამისად, განსაკუთრებით საინტერესოა, თუ ვინ შეცვლის მას მომავალ ფილმში ამ როლზე.

ფოტო: Tumblr