შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ ე.წ. კომენდანტის საათის დროს, ჭიათურაში მოქალაქეების დაჯარიმებისას პოლიციის მხრიდან ძალადობა და უფლებამოსილების გადამეტება არ მომხდარა.

"მე გეუბნებით, თამამად ვიძახი, რომ ეს თემა არ მომხდარა, არ არის ეს სწორი ინფორმაცია. მოიკვლევენ და ნახავთ", — განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

თუმცა, On.ge-ს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში განუცხადეს, რომ სამართალდამცავების მხირიდან ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. მათივე ინფორმაციით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები მიმდინარეობს.

პოლიციელთა მხრიდან ძალადობის შესახებ ინფორმაცია მთავრმა არხმა გაავრცელა. მათი ცნობით, კომენდანტის საათის დარღვევის დროს სამართალდამცავებმა ადგილობრივებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის კი ჯამში 18 ათასი ლარის ჯარიმა გამოუწერეს.

დაჯარიმებულებს შორის არიან კაცხის ეკლესიის წინამძღვრის, მამა ანდრია მოდებაძის ოჯახის წევრებიც. სასულიერო პირი მთავარ არხთან ინტერვიუში პოლიციელთა მხრიდან ძალადობის ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ მისი ოჯახის წევრების მიმართ გამოწერილ ჯარიმას, "მისი ქალაქი" გადაიხდის.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს, ერთი თვის ვადით გამოცხადდა. სამარშუტო ტაქსებით გადაადგილება კი მანამდე, 18 მარტს აიკრძალა და საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც დარჩა. შეზღუდვა ეხება როგორც თბილისს, ასევე რეგიონებს და საქალაქთაშორისო გადაყვანებს. გამონაკლისია მხოლოდ სოფლიდან რაიონის ცენტრში და პირიქით მგზავრობა.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის ფიზიკური პირებისთვის ჯარიმა 3 000 ლარია, ხოლო იურიდიული პირებისთვის — 15 000 ლარი. განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედების შემთხვევაში, დამრღვევს ემუქრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ვადით.