NASA-ს ინოვაციური კონცეფციების (NIAC) პროგრამამ, რომელიც რადიკალურად ფუტურისტული კონცეფციების ინკუბატორია, მთვარის კრატერის რადიოტელესკოპის (LCRT) იდეა გრანტით დააჯილდოვა.

კვლევის ხელმძღვანელის, საპტარში ბენდიოპედიეის მიხედვით, მთვარის შორეულ მხარეს მოთავსებულ ტელესკოპს დედამიწაზე არსებულ ან მის ორბიტაზე მფრენ ტელესკოპებთან შედარებით საკმაოდ დიდი უპირატესობა ექნება. მისი მეშვეობით, მკვლევრებს შესაძლებლობა ექნებათ სამყაროს რადიოტალღის ისეთ სიგრძეებზე დააკვირდნენ, რომელსაც, როგორც წესი, დედამიწის ატმოსფეროს ზედა ნაწილი ირეკლავს.

ბენდიოპედიეის აზრით, აღნიშნული ტალღები, რომლებიც 10 მეტრზე გრძელია, ადამიანების მიერ ჯერ არ შესწავლილა. ახალი ტელესკოპის დახმარებით, შესაძლოა, მნიშვნელოვანი კოსმოლოგიური აღმოჩენებიც კი გაკეთდეს.

ფოტო: NASA

"მთვარე ფიზიკური ფარივითაა, რომელიც მთვარის ღამეების დროს მასზე არსებულ ტელესკოპს დედამიწაზე არსებული წყაროებიდან წამოსული რადიოხმაურისგან გამოყოფს", — ამბობს ბენდიოპედიეი.

სწორედ ამიტომ, გუნდი კრატერში ერთი კილომეტრი დიამეტრის მქონე ლითონის ბადის განთავსებას გეგმავს, რომლისთვისაც მცოცავ რობოტებს გამოიყენებენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გეგმის მიზანი მთვარის შორეულ მხარეს არსებულ კრატერში ლითონისგან ობობის ქსელის მსგავსი კონსტრუქციის შექმნაა, რათა იგი გიგანტურ რადიოტელესკოპად იქცეს.

"ერთი კილომეტრი დიამეტრის მქონე მთვარის კრატერის რადიოტელესკოპი მზის სისტემაში უდიდესი იქნება", — აცხადებს ბენდიოპედიეი.