საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში პრიორიტეტულია ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია და შემთხვევებზე დაცული, დროული და ეფექტიანი რეაგირება.

ომბუდსმენი ქალთა და ლგბტ+ პირთა მიმართ ოჯახში ძალადობის, მათ შორის, მიმართვიანობის გაზრდილი რისკების საპასუხოდ, მნიშვნელოვნად მიიჩნევს:

  • მომზადდეს სპეციალური კამპანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, რათა ძალადობის მსხვერპლებს ხელი მიუწვდებოდეთ არსებულ დაცვისა და დახმარების ინფორმაციასა და სერვისებზე (ცხელი ხაზი, 112 აპლიკაცია) ონლაინ, მათ შორის, უმცირესობების ენებზეც;
  • სამართალდამცავი უწყების მიერ დროულად იქნეს შემუშავებული ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკის შეფასებისა და მონიტორინგის სპეციალური მეთოდოლოგია და ყველა საჭირო შემთხვევაში, გამოყენებულ იქნეს მოძალადის განრიდების მექანიზმი;
  • თავშესაფრებთან თანამშრომლობით, მუნიციპალიტეტებმა შეიმუშავონ იმ ძალადობის მსხვერპლთა მატერიალური დახმარების პაკეტები, ვინც თავშესაფარი დატოვა ან უნდა დატოვოს შეცვლილი ეკონომიკური რეალობის პირობებში.

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მიმართვიანობა არ გაზრდილა, საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მასობრივი იზოლაცია და კომენდანტის საათის მოქმედება ზრდის ქალთა და ლგბტ+ პირთა მიმართ ოჯახში ძალადობის რისკებს და ართულებს დაცვის და დახმარების სერვისებზე პირდაპირ წვდომას", — წერია ომბუდსმენის განცხადებაში.

უფლებების დარღვევების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ სახალხო დამცველის აპარატს ცხელ ხაზზე 1481.