იმდენად, რამდენადაც კორონავირუსმა ასე თუ ისე მთელ მსოფლიოში მოიკიდა ფეხი, მისი გავრცელების შესანელებლად სულ უფრო მეტი სიფრთხილის გამოჩენა ხდება საჭირო. ადამიანების ერთი ნაწილი სახლს მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის გამო ტოვებს, თუმცა მოქალაქეების მეორე ჯგუფი ქუჩაში ისე დასეირნობს, თითქოს გარეთ ჯერ კიდევ 2019 წელი ყოფილიყოს.

პირველ ჯგუფში შემავალთაგან ბევრს, ამასთან, უაღრესად მნიშვნელოვანი მისიაც აკისრია: დაარწმუნოს მეორე ჯგუფის წევრები ცხოვრების წესის შეცვლის აუცილებლობაში და იმაში, რომ გარეთ უმიზეზოდ გასვლა საფრთხის ქვეშ აყენებს მათსა და მათ ირგვლივ არსებულ ადამიანებს. სხვადასხვა ქვეყნის მთავრობამ, ჯანდაცვის ორგანიზაციებმა თუ ექსპერტებმა არაერთხელ გაუსვეს ხაზი იმას, რომ სახლის ხშირად დატოვება დაავადების გავრცელების სისწრაფეზე უდიდეს ზეგავლენას ახდენს.

მაგრამ როგორ დავარწმუნოთ ამაში ახალგაზრდები, რომლებიც გართობას ჯერ კიდევ აგრძელებენ ან 60 წელს ზემოთ ადამიანები, რომლებიც კვლავ არ იცავენ ფიზიკური დისტანცირების წესებს? ამ კითხვებზე პასუხებს პანდემიის ფსიქოლოგიისა და საჯარო ჯანდაცვის ექსპერტები სცემენ.

ქვევით წარმოგიდგენთ ზოგად რჩევებს და საილუსტრაციო მაგალითებს იმის შესახებ, თუ როგორ დავარწმუნოთ მეგობრები და ჩვენთვის საყვარელი ადამიანები სახლში დარჩენის აუცილებლობაში.

1. თავაზიანად შეახსენე ადამიანებს, რომ დედამიწა მათ გარშემო არ ბრუნავს

ფიზიკური დისტანცირების წესის დაცვა აუცილებელია, თუმცა ეს ემოციურ გაუცხოებაში არ უნდა გადაიზარდოს.

ფოტო: Arsh Raziuddin / The Atlantic

"ზოგიერთი ადამიანი ვერ ხვდება, რომ ფიზიკური დისტანციის დაცვა საყოველთაო კეთილდღეობისთვისაა საჭირო...", — ამბობს ბრიტანული კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი და წიგნის, პანდემიათა ფსიქოლოგია, ავტორი, სტივენ ტეილორი. მისივე თქმით, ძალიან ბევრ შემთხვევაში, როცა ადამიანები წინდაუხედავად იქცევიან — იქნება ეს მეგობრებთან შეხვედრების გაგრძელება თუ ტონობით საკვების პანიკური შეძენა — მხოლოდ იმ რისკს ითვალისწინებენ, რომლის წინაშეც პირადად დგანან.

მათთვის იმის შეხსენება, რომ მსგავსმა ქმედებებმა შეიძლება სხვებს ავნოს, ერთობ დელიკატური საქმეა, თუმცა უნდა შეეცადო, რომ ყურადღება სწორედ სხვათა ჯანმრთელობის დაცვაზე გაამახვილო. "ჩვენ ემპათიას უფრო პატარა და ჩვენთან დაახლოებული ჯგუფების წევრებთან განვიცდით", — გვიხსნის ტეილორი, — "ასე რომ, ამ ადამიანებისთვის იმის თქმა, რომ სახლში დარჩენით საკუთარ ბებიას ან კარის მეზობლად მცხოვრებ, ვთქვათ, ორშვილიან მარტოხელა დედას დაეხმარებიან, მეტ გავლენას იქონიებს". გაცილებით სუსტი ეფექტი ექნება იმის აღნიშვნას, თუ რაოდენ დიდი სიკეთის მომტანი იქნება ამ ადამიანის ქცევა მთელი ქვეყნისთვის ან მთლიანად საზოგადოებისთვის. ასევე, ძალიან ეფექტიანი იქნება, თუ იტყვი, რომ გამოვლენილი სიფრთხილით ის დაიცავს მასთან ერთად მცხოვრებ ადამიანებსაც — მშობლებს, პარტნიორს, შვილს.

2. ნუ სთხოვ სხვებს, რომ რამე არ გააკეთონ — სთხოვე მათ, რომ რაიმე სხვა გააკეთონ

ხალხის მიერ საკვებისა და მედიკამენტების ტონობით შეძენის ფენომენიც არანაკლებ საგანგაშოა. ამან შეიძლება პროდუქტების დეფიციტი გამოიწვიოს. თუმცა ტეილორი გვირჩევს, იქამდე, სანამ ვინმეს რაიმეზე ბრძანებითი კილოთი მივანიშნებდეთ, სათქმელი კარგად ავწონ-დავწონოთ, რადგან ნუ მოიმარაგებ ზედმეტს, ნუ ჩავარდები პანიკაში და მსგავს ფრაზებს, შეიძლება, უკუშედეგი მოჰყვეს.

"ძალიან ხშირად ადამიანების მოქმედება სიტუაციაზე კონტროლის მოპოვებისკენაა მიმართული, რადგან ამ დროს თავის დაცვას აქტიურად ცდილობ", — ამბობს ის. მსგავსი ეფექტის მისაღწევად შენ შეგიძლია, მათ მოქმედების სხვა ვარიანტი შესთავაზო. იმის მაგივრად, რომ უთხრა, ნუ ყიდულობ ამდენს, ურჩიე, მაგალითად, შემდეგი: იქნებ სჯობდეს, მოხუცებს დაეხმარო, გადარიცხო ფული საქველმოქმედო ფონდებში ან პროდუქტი მიაწოდო იმ მეზობლებს, რომელთაც გარეთ გასვლა არ შეუძლიათ?

3. მოერიდე ციფრებს, მოყევი ამბები

ფოტო: iStock

კორონავირუსის ეპიდემიის შესახებ ხშირად ციფრებით ჰყვებიან: დადასტურებული შემთხვევები, სიკვდილიანობის მაჩვენებლი, ჰოსპიტალიზირებულთა რაოდენობა და ასე შემდეგ. თუმცა ვინმეს დარწმუნება უფრო მარტივი გახდება, თუ სტატისტიკას უკან მოიტოვებ.

"იმ მაგალითის მოყვანით, რომელშიც ვირუსგადატანილის გამოცდილებაა აღწერილი, მსმენელზე ზეგავლენის მოხდენის უფრო მეტი შანსი გექნება. მით უმეტეს, თუკი მას კორონავირუსით გამოწვეული კატასტროფული მოვლენების შესახებ ამბები ჯერ არ მოუსმენია", — ამბობს რეიჩელ ფილჩ-ლოები, ჰარვარდის უნივერსიტეტის ჩანის სახელობის საჯარო ჯანდაცვის სკოლის თანამშრომელი.

"ანეკდოტური ამბების თხრობა ხალხის დაყოლიებაში დაგეხმარება", — ხსნის ის. ეფექტიანი ისტორია ასევე შეიძლება შეიცავდეს ამბავს მსმენლის შორეულ ნათესავზე; იმ სოციალური ჯგუფის წევრზე, რომლის ნაწილადაც მიიჩნევს თავს; ან ისეთ ცნობილ ადამიანზე, რომელსაც ის პატივს სცემს (მაგალითად, ტომ ჰენკსზე). "მიზანი ისაა, რომ მსმენელმა თავისი თავი პროტაგონისტის ადგილას წარმოიდგინოს". ფილჩ-ლოებისვე აზრით, აქცენტის მომავალზე გაკეთებაც კარგი იდეაა: მაგალითად, უთხარი თანამოსაუბრეს, რომ თუ ახლა ფიზიკური დისტანცირების წესს დაიცავს, მეტი შანსია, რომ ზაფხულში მეგობრებთან ერთად კაფეში დაჯდომა შეძლოს.

4. არ დაგავიწყდეს, იყო თავაზიანი

გარდა იმისა, რომ სათქმელის შინაარსზე უნდა იფიქრო, არ დაგავიწყდეს, იყო ემოციურად გაწონასწორებულიც. "თანაუგრძნე, ნუ განიკითხავ, ნუ გააკრიტიკებ, დაანახე სიყვარული და ზრუნვა — ასე უფრო დაუკვირდება ის შენს ნათქვამს", — გვირჩევს ფსიქოლოგი ჯოშუა კოულმანი, — "ესენია ყველაზე ჰუმანური და, ამავდროულად, არანაკლებ ეფექტიანი და დამარწმუნებელი გზები სხვებთან თანამშრომლობისთვის. რაც უფრო მეტად დაანახებ მსმენელს, რომ არ თვლი მას გიჟად, სულელად ან ზედემტად გულუბრყვილოდ, მით უფრო მიმღები იქნება ის". ადამიანები უფრო მეტად გახსნილნი და დამყოლნი ხდებიან მაშინ, როცა გრძნობენ, რომ მათ უგებენ და მათზე ზრუნავენ.

ფსიქოლოგი ასევე ვარაუდობს, რომ კარგი იქნება, თუ ემპათიასაც გამოვავლენთ იმ ადამიანებისადმი, რომლებიც პანდემიით ნაკარნახევ შეზღუდვებს — მაგალითად, ფიზიკური დისტანციის დაჭერას ან ხელების ხშირ დაბანას — უძალიანდებიან. ემპათიის გამოვლენა მსგავსი სიტყვებითაა შესაძლებელი: მეც არ მომწონს ეს წესები. ეს ყვეაფერი მართლაც დამღლელი და გამაღიზიანებელია. მშვენივრად ვხვდები, რატომ არ გინდა ამ რჩევებისათვის ყურისგდება, მაგრამ იმასაც ვფიქრობ, რომ მთელი ეს სიტუაცია ნამდვილად საშიში და შემაშფოთებელია.

5. ნუ შეეცდები ხალხის მსოფლმხედველობის შეცვლას

ფოტო: Arsh Raziuddin / Happt Together / Shutterstock / The Atlantic

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ხალხის ნაწილი არასერიოზულად იღებს პანდემიის საფრთხეს, ისაა, რომ ისინი ხელისუფლებსა და მეცნიერ-ექიმებს არ ენდობიან. მაგრამ ახლა არ არის ამ სკეპტიციზმში ჩაძიების დრო. "ადამიანებს ღირებულებებისა და რწმენის თავიანთი სისტემა აქვთ, რომლის შეცვლაც ძალიან რთულია", — ამბობს პილჩ-ლოები, — "თუკი ჩვენ არ გვსურს ეგზისტენციალურ წიაღსვლებში გადავარდნა, უმჯობესია, უფრო კონკრეტულ საკითხებზე ვკონცენტრირდეთ — მაგალითად, მეგობრებთან შეხვედრების დროებით შეწყვეტაზე ან არასასწრაფო საქმეების დროებით გადადებაზე. შეეცადე, განაცალკევო ეს თემები თანამოსაუბრის ღირებულებითი სისტემისგან".

ზოგიერთი ჩვევის შეცვლა უფრო მარტივია, ვიდრე დანარჩენების. პილჩ-ლოების მიხედვით, ყველაზე მარტივად მისაჩვევი თვისება, რომელსაც თან საზოგადოებისთვის უდიდესი სარგებელიც მოაქვს, ხელების ბანაა. რაც შეეხება არანაკლებ საჭირბოროტო საკითხს, ფიზიკური დისტანციის დაცვას, ამის აუცილებლობაში ხალხის დარწმუნება შედარებით რთულია.

6. გაითვალისწინე შენსა და მსმენელს შორის არსებული ურთიერთობის თავისებურებები

კოულმანი გვირჩევს, რომ ყურადღება მივაქციოთ, რა გავლენას მოახდენს ჩვენსა და მსმენელს შორის არსებული ურთიერთობა იმაზე, თუ როგორ გაიგებს მეორე მხარე ჩვენ მიერ გაზიარებულ ამბავს. "ვთქვათ, ძმასთან ხანგრძლივი ქიშპი გაკავშირებს. ამ შემთხვევაში, რაც უნდა თქვა, მისგან ყველაფერი უარყოფითად იქნება გაგებული", — ამბობს ის, — "ეს ადამიანი შენს ნათქვამში უფრო კონტროლის, კრიტიკისა და მისი შერცხვენის მცდელობას დაინახავს, ვიდრე მზრუნველობას, სიყვარულს და თანაგრძნობას". შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი ალბათ ზრდილობისა და თავაზიანობის მაქსიმალურად გამოჩენაა.

საბედნიეროდ, ნათესავთა უმრავლესობა მუდამ განაწყენებულნი არ არიან — გარკვეული დოზით ისინიც ზრუნავენ ჩვენზე. კოულმანი გვთავაზობს სცენარს, რომელიც ჯიუტ მეგობრებთან და ნათესავებთან შეიძლება წარმატებით გამოდგეს:

"შენ ჩემთვის ბევრს ნიშნავ და შენზე ვღელავ. თუმცა ისიც მესმის, ამ ყველაფერში რომ არ მეთანხმები. მაგრამ თუკი სიფრთხილის დაცვას შენთვის არ აპირებ, იქნებ ეს ჩემთვის გააკეთო, რათა არ ვინერვიულო იმაზე, რომ ინფექცია შეგეყრება ან თავად გახდები ვირუსის გავრცელების წყარო? მესმის, რომ ამ საკითხს ჩემსავით სერიოზულად არ განიხილავ და, შესაძლოა, მერე ისიც აღმოჩნდეს, რომ მე მეტისმეტად ფრთხილი ვიყავი, მაგრამ შეგიძლია, რჩევები ჩემი ხათრით გაითვალისწინო, რათა წყნარად ცხოვრება შევძლო?"

7. ნუ გაუზიარებ მათ ყველა შემხვედრ სტატიას

ფოტო: Chelsea Beck / NPR

თუკი მეგობარი ან საყვარელი ადამინი პანდემიის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებისთვის მზადაა, მისთვის სტატიის, ვიდეოს, ტვიტის ან სხვა სახის ინფორმაციის გაგზავნა, შესაძლოა, კარგი იდეა იყოს. თუმცა პილჩ-ლოები გვაფრთხილებს, რომ ინფორმაციის წყაროს გონივრულად შერჩევაც მნიშვნელოვანია.

"თუ იმ გამომცემლობის სტატიას გამომიგზავნი, რომლის მსოფლმხედველობასაც არ ვიზიარებ, დიდი ალბათობით ამ ტექსტს არ გავეცნობი", — განმარტავს ის, — "ხოლო, თუ იმ გამომცემლობის სტატიას გამომიგზავნი, რომლის ტექსტებსაც ისედაც ვკითხულობ ან რომლის ხედვებიც ჩემს ღირებულებით სისტემაში ჯდება, ეს უფრო ეფექტიან შედეგს გამოიღებს".

8. იცოდე, როდის უნდა დანებდე

ადამიანთა ნაწილი, რამხელა სიყვარულითაც უნდა მოეპყრო მათ, მაინც არ შეცვლის ყოველდღიური ცხოვრების წესს ინფექციის გავრცელების შესანელებლად. "ზოგჯერ დამარწმუნებელი არგუმენტი, უბრალოდ, არ ჭრის. ზოგჯერ ადამიანები პრინციპულად არ გვეთანხმებიან და ამას უნდა შევეგუოთ", — ამბობს კოულმანი. სამწუხაროა, მაგრამ პანდემიაზე მოსაზრებებიც შეიძლება ამ კატეგორიაში შევიდეს. ამიტომ ზოგიერთ შემთხვევაში სჯობს, ენერგია იმ ხალხისკენ მიმართო, რომლებიც მოსასმენად მზად არიან.

ამავე თემაზე: