მსოფლიო მიმდინარე თვეში მედიკამენტ რემდესივირის კლინიკური ცდების პირველ შედეგებს იხილავს. რემდესივირი Gilead Sciences-ის მიერ დამზადებული პრეპარატია და პირველია, რომელმაც COVID-19-ის მკურნალობის მეთოდის განვითარების გზაზე აღნიშნულ ეტაპს მიაღწია.

ჩინეთში მიმდინარე კვლევების შედეგებით გავიგებთ, ეფექტურია თუ არა მედიკამენტი ინფექციის მიმართ და ასევე გვეცოდინება მისი გამოყენება ყველა შემთხვევაში ღირს, თუ მხოლოდ სპეციფიკურ სიტუაციებში.

რა არის რემდესივირი?

რემდესივირი ექსპერიმენტული ანტივირუსული პრეპარატია, რომელიც Gilead Sciences-მა პირველად რამდენიმე წლის წინ შექმნა. ლაბორატორიულ ექსპერიმენტებში მან სხვადასხვა ვირუსის მიმართ დამაიმედებელი შედეგები აჩვენა, მათ შორის სხვა კორონავირუსებშიც. შესაბამისად, რემდისივირზე კლინიკური ცდები ჯერ კიდევ პანდემიის ადრეულ პერიოდში დაიწყეს.

ებოლას აფეთქებისას Gilead-ს რემდესივირის პოტენციურ სამკურნალო საშუალებად გამოყენება სურდა, თუმცა სამწუხაროდ, კლინიკურ ცდებში მედიკამენტმა საჭირო შედეგები ვერ აჩვენა. ამჟამად იგი კორონავირუსის პოტენციურ სამკურნალო საშუალებად განიხილება.

რა ცდებზეა საუბარი?

მიმდინარე თვეში ჩინელი მეცნიერები ორი კვლევის შედეგებს გამოაქვეყნებენ. აქდან ერთი COVID-19-ის მძიმე, მეორე კი მსუბუქ შემთხვევებს ეხება.

მძიმე შემთხვევების კვლევაში 453 პაციენტი მონაწილეობდა და მის შედეგებს უფრო ადრე, დაახლოებით მომდევნო კვირამდე ელოდებიან. პაციენტებს კვლევაში ჩართვა პირველი სიმპტომებიდან 12 დღის განმავლობაში შეეძლოთ. შემდეგ ისინი შემთხვევითობის პრინციპით ნაწილდებოდნენ და მათ ათი დღის განმავლობაში ყოველდღიურად რემდესივირით ან პლაცებოთი მკურნალობდნენ.

კვლევის მთავარი მიზანი იმის ჩვენებაა, რომ გაუმჯობესებისთვის მედიკამენტი პლაცებოზე უკეთესია. გაუმჯობესება ექვსქულიანი სისტემით ფასდება, სადაც ერთი გაწერას, ექვსი კი სიკვდილს აღნიშნავს. პაციენტის მდგომარეობა ორი ქულით უნდა გაუმჯობესდეს, რათა ჩაითვალოს, რომ ის მკურნალობას დაექვემდებარა. ასევე, დაქვემდებარებულად ჩაითვლებიან ისინიც, ვინც 28 დღიანი კვლევის დასასრულს ისევ ჰოსპიტალში იქნებიან, თუმცა გარკვეული გაუმჯობესებით, მაგალითად, როდესაც მათ ინტუბაცია ან დამატებითი ჟანგბადი აღარ დასჭირდებათ.

რას უნდა ველოდოთ?

თუ ადამიანები, რომლებიც პლაცებოს იღებენ, 16 დღის შემდეგ გამოჯანმრთელდებიან, რემდესივირის შემთხვევაში პაციენტები 13 დღეში უნდა გამოჯანმრთელდნენ, რათა მედიკამენტის უპირატესობა სტატისტიკურად დადასტურდეს.

ეს ინფორმაცია “HR თანაფარდობით” (hazard ratio) გამოიხატება, რომლის მაჩვენებელიც 1-ზე მაღალი უნდა იყოს. “სასურველი” ნიშნული მინიმუმ 1,2-ია, ეს აღნიშნავს, რომ პაციენტებს რემდესივირის შემთხვევაში 20%-ით უფრო უკეთესი შედეგი აქვთ, ვიდრე პლაცებოზე.

Evercore ISI-ს ანალიტიკოსი, უმერ რაფატი აცხადებს, რომ ჩინეთში მიმდინარე COVID-19-ის მძიმე შემთხვევების კვლევის შედეგები, შესაძლოა, საკმარისად დამაიმედებელი არ იყოს. მისი თქმით, ხელმძღვანელებმა შუალედურ მონაცემებს უკვე გადახედეს, თუმცა კვლევა გაგრძელდა. ეს კი შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ ისინი შედეგებით კმაყოფილნი არ არიან.

შესაძლებელია ისიც, რომ კვლევებმა განსხვავებული შედეგები მოგვცეს.

რას ნიშნავს ეს?

თუკი რემდესივირის კვლევის შედეგების მიხედვით გაირკვევა, რომ მედიკამენტი საყოველთაო მოხმარებისთვის არ გამოდგება, ექსპერტები გააგრძელებენ იმის კვლევას, თუ რა შედეგები ჰქონდა მას ავადმყოფობის ადრეულ პერიოდში მიღების დროს.

ზოგადად, ანტივირუსული პრეპარატები ყველაზე მეტად ეფექტური მაშინაა, როდესაც მათ პაციენტი ინფიცირების ადრეულ ეტაპზე იღებს. ამ დროს მედიკამენტს ვირუსის გამრავლების შეჩერების ყველაზე დიდი შანსი აქვს, მაგრამ თუკი ვირუსი უკვე გავრცელებულია, მან, შესაძლოა, ვეღარ იმოქმედოს.

სწორედ ამიტომ, რემდესივირის შემთხვევაში მთავარ კითხვას ის წარმოადგენს, აქვს თუ არა მკურნალობისთვის შერჩეულ დროს მის საბოლოო შედეგებზე გავლენა.

როგორი შედეგები აქვს რემდესივირის სხვა კვლევებს?

როგორც აღვნიშნეთ, რემდესივირის მეორე კვლევაც მიმდინარეობს, რომელიც COVID-19-ის მსუბუქ შემთხვევებს სწავლობს. კვლევაში 300 პაციენტია ჩართული და მისი შედეგები მიმდინარე თვეში იქნება ხელმისაწვდომი. პაციენტებს ათი დღის განმავლობაში რემდესივირით ან პლაცებოთი მკურნალობენ და აკვირდებიან, თუ რამდენად სწრაფად გაუმჯობესდება მათი მდგომარეობა.

გარდა ამისა, უახლოეს მომავალში რემდესივირის კიდევ ოთხი კვლევა იგეგმება. აქედან ორი Gilead-ის დაფინანსებით ჩატარდება, ერთი აშშ-ს ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის მიერ განხორციელდება, ხოლო კიდევ ერთ კვლევას WHO გაუძღვება, რომელიც რემდესივირის გარდა სხვა მედიკამენტებსა და მათ სხვადასხვა კომბინაციას გამოიკვლევს.

თუკი რემდესივირი იმოქმედებს, როგორ გაუმკლავდება კომპანია მასზე გაზრდილ მოთხოვნას?

ამჟამად Gilead-ს რემდესივირის 1,5 მილიონი დოზა აქვს, რაც 140 000 პაციენტისთვისაა საკმარისი. კომპანიის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა დანიელ ო'დეიმ განაცხადა, რომ კომპანია მედიკამენტის წარმოების დასაჩქარებლად მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა პარტნიორთან ერთად მუშაობს. კომპანიის მიზანს წლის ბოლოსთვის მილიონი მკურნალობის კურსისთვის საჭირო დოზის წარმოება წარმოადგენს.

თუკი რემდესივირი დამტკიცდება, რა ეღირება ის?

Gilead-ს ფასზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა კომპანიამ თქვა, რომ რემდესივირისგან, თუ მისი ეფექტურობა დამტკიცდება, კომერციულ სარგებელს არ ელიან. წარმატების შემთხვევაში, კომპანიაზე უდიდესი წნეხი იქნება, რათა მედიკამენტი ყველასათვის ფართოდ ხელმისაწვდომი გახდეს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პანდემია ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს მძიმედ შეეხება, რომლებიც ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენას ვერ მოახერხებენ.

იღებდნენ თუ არა ის პაციენტები რემდისივირს, რომლებიც კვლევაში არ მონაწილეობენ?

დიახ, Gilead-ს სხვადასხვა საჭიროების შემთხვევისთვის მედიკამენტის გარკვეული მარაგი გააჩნია, რომელსაც იმ პაციენტებისთვის იყენებენ, რომლებიც კვლევებში არ მონაწილეობს. ო'დეის მიხედვით, აღნიშნული პროგრამების წყალობით ამჟამად 1 700 ადამიანი განიკურნა. თუმცა ამჟამად რემდესივირის მოპოვება საკმაოდ რთულია.