ძველი 90-იანებიდან შემორჩენილი აუდიო კასეტები უკვე ერთგვარ ისტორიულ რელიქვიად იქცა და მათ პრაქტიკულად ვეღარსად შეხვდებით, თუმცა ერთ-ერთმა იუთუბერმა ამ მოძველებულ ტექნოლოგიას სხვა გამოყენება მოუნახა. ამიერიდან აუდიო კასეტაზე დაბალი გარჩევადობის ვიდეოს ჩაწერაც შეგიძლიათ.

ექსპერიმენტის ავტორს 91,44 სანტიმეტრის მაგნიტურ ლენტაზე ვიდეოს ჩასაწერად Python-ისა და Java-ს ენების გამოყენება დასჭირდა.

მოკლედ შევეხოთ ექსპერიმენტის ტექნიკური განხორციელების ნაწილსაც:


ვინაიდან თითო კადრში მოცემულია მუქი და ნათელი პიქსელები, საჭიროა ისინი აუდიოჩანაწერის დაბალ და მაღალ ამპლიტუდას დავამთხვიოთ — ასე იქმნება კადრის ერთი სტრიქონი. იმისთვის, რომ კადრი სრულად აეწყოს და გამოსახულების გამოტანისას დეკოდერმა ინფორმაცია “სწორად” აღიქვას, საჭიროა გამოვიყენოთ სპეციალურად დაპროგრამებული მიმღები, რომელიც აუდიოჩანაწერის თანმდევ პიქსელებს გააერთიანებს და ეკრანზე გამოიტანს.
დიახ, ამ შემთხვევაში ვიდეოსიგნალს აუდიო მაგნიტოფონი გადმოსცემს (იხ. კადრი 11:08 წუთიდან).

აღნიშნული ექსპერიმენტისთვის საჭირო ენკოდერის და დეკოდერის აღსრულების კოდი გამოქვეყნებულია GitHub-ზე.

აუდიო კასეტაზე ჩაწერილი ვიდეო საკმაოდ დაბალი გარჩევადობისაა, თუმცა ეს გამოცდილება ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. თუ თანამედროვე ვიდეო კონტენტის გარჩევადობა 8,3 მილიონ პიქსელს აღწევს, მაგნიტურ აუდიო კასეტაზე ვიდეო 7500 პიქსელისგან შედგება ჩვენება კი წამში 5 კადრს აღწევს.

მართალია, ძველი ტექნოლოგიით ახალი მედიაკონტენტის ჩაწერა საკმაოდ შრომატევადი პროცესია, თუმცა მსგავსი აღმოჩენებით ძველმა ტექნოლოგიებმა თანამედროვე სამყაროში შესაძლოა საკუთარი ადგილი კიდევ ერთხელ დაიმკვიდრონ.