ლუიზიანას შტატ ქალაქ კროულში პოლიციას ბოდიშის მოხდა იმის გამო მოუწია, რომ კომენდანტის საათის დაწყების ნიშნად ცნობილი საშინელებათა ჟანრის ფილმების სერიის, The Purge-ის (ქართველი მაყურებლები მას ხშირად განკითხვის დღის სახელით იცნობენ) ცნობილი სირენა გამოიყენა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ქალაქში საღამოს 9 საათიდან კომენდანტის საათი იწყება, თუმცა, როცა მოსახლეობამ სირენის ამ ხმას მოჰკრა ყური, მათი ნაწილი ფილმის სიუჟეტის ასოციაციის გამო შეშინდა და დაითრგუნა.

ამის დამადასტურებელი კადრები ინტერნეტშიც გავრცელდა:

პოლიცია მთელ ქალაქში სწორედ ამ სირენით აცნობდა მოსახლეობას, რომ კომენდანტის საათი დაიწყო და დილის 6 საათამდე გადაადგილება შეზღუდული იყო.

ადგილობრივი პოლიციის სამმართველოს უფროსმა მედიას განუცხადა, რომ ამ სიგნალის გამოყენება განზრახ არ გადაუწყვეტიათ: მათ არ იცოდნენ, თუ ის The Purge-ის ფილმებს უკავშირდებოდა და ამიერიდან სირენას საერთოდ აღარ გამოიყენებენ.

The Purge-ის საშინელებათა ჟანრის ფილმების სერია დისტოპიური რეალობის შესახებ მოგვითხრობს, როცა ამერიკაში 12 საათის განმავლობაში ნებისმიერი კრიმინალური დანაშაულის ჩადენა ლეგალურია. ეს ცნობილი სირენა კი სწორედ ამ პროცესის, 12-საათიანი ხოცვა-ჟლეტის დაწყების წინ ისმის.

ფილმების სერიის ჯერჯერობით ბოლო ნაწილი The First Purge 2018 წელს გამოვიდა, რომლის ტრეილერშიც ასევე შეგიძლიათ გაიგოთ ეს ცნობილი სასიგნალო ხმა: