ჩინეთის ქალაქ უხანში, საიდანაც ახალი კორონავირუსის გავრცელება დაიწყო, 76-დღიანი კარანტინი დასრულდა. 23 იანვრის შემდეგ პირველად ყველას, ვისაც ჯანმრთელობის აპლიკაციაში "მწვანე" კოდი აქვს, შეუძლია სახლი დატოვოს.

უხანელებმა კარანტინის დასრულებაც აღნიშნეს.

8 აპრილიდან უხანში აღდგა რკინიგზა და საავტომობილო მოძრაობა. ყველა მოქალაქეს შეეძლება, საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროს, თუ QR კოდს წარადგენს. თითოეული მოქალაქისთვის კოდი უნიკალურია და ჯანმრთელობის სტატუსს ადასტურებს.

შეზღუდული საჰაერო გადაადგილების მიუხედავად, უკვე დაიგეგმა 200 ფრენა. კარანტინის მოხსნის მიუხედავად ტრანსპორტზე ზოგიერთი შეზღუდვა ისევ რჩება და სკოლებიც ჯერ არ იხსნება.

მარტში, როცა უხანში ერთი კვირის განმავლობაში არც ერთი ახალი შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა, ქალაქში გახსნეს სავაჭრო ცენტრები. ზოგიერთ მოქალაქეს კი ორი საათით სახლის დატოვების უფლება მისცეს.

ამ დრომდე მკაცრი ზომები რჩება ჩინეთი სხვა რეგიონებში, მათ შორის პეკინში. 6 აპრილში ქალაქში 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რის შემდეგაც ხელისუფლებამ ზომები გაამკაცრა. ყველა ადამიანი, ვინც ქალაქში შედის ორკვირიანი კარანტინი უნდა გაიაროს.

ეპიდემიის დაწყების დღიდან ჩინეთში 82 700 შემთხვევა დაფიქსირდა და 3 337 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან 3 213 ჰუბეის პროვინციაში.