გახსოვს, სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ შენს სამუშაო სივრცეში ყველაზე მომაბეზრებელი ადამიანი გვერდით ოთახში მჯდომი ბუღალტერი რომ იყო? ალბათ ახლა ეს სასიამოვნო მოგონებად გაქვს ქცეული. გაიცანი შენი ახალი თანამშრომელი ამ სიურრეალისტურ სამყაროში: შენი პარტნიორი. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო მსოფლიოს გარშემო კომპანიათა უმრავლესობამ საკუთარი თანამშრომლები დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანა, რაც ბევრისთვის საყვარელი ადამიანის მხარდამხარ მუშაობას ნიშნავს.

შექმნილ სიტუაციას დადებითი მხრიდან რომ შევხედოთ, შენი ახალი თანამშრომელი არასოდეს გკითხავს, როგორ გაატარე შაბათ-კვირა; არც იმის საფრთხე გემუქრება, რომ შენი საყვარელი ჭიქიდან ვინმემ დაუკითხავად დალიოს ყავა. მაგრამ როგორ უნდა შექმნა და შეინარჩუნო პირადი სივრცე მაშინ, როდესაც შენი სახლი პარტნიორთან საზიარო ოფისიც გახდა და შენი შვილების სკოლაც? და რა უნდა მოიმოქმედო მაშინ, როდესაც აღმოაჩენ, რომ შენი პარტნიორი იმაზე მეტად ჰგავს დვაით შრუტს ოფისიდან, ვიდრე ეს აქამდე შეგიმჩნევია?

"ჩვეულებრივ, ჩემი ქმარი ქალაქის ცენტრში, ოფისში მუშაობს; ის სახლს დილის რვის ნახევარზე ტოვებს და უკან დაახლოებით 12 საათის შემდეგ ბრუნდება. ამ დროის განმავლობაში ჩვენი პატარა ბინა მთლიანად ჩემს განკარგულებაშია", — ამბობს 53 წლის ჯული ქლამი, ნიუ-იორკში მცხოვრები მწერალი, — "მაგრამ ახლა ჩემი ქმარი და შვილი, ასევე ჩვენი ძაღლი და მე, ერთად ვართ ჩაკვეხებულები იმ ერთადერთ ოთახში, რომელიც კარგად ნიავდება და ნათელიცაა. და მე ქმრის საკონფერენციო ზარებს ვისმენ".

ფოტო: Lucas Varela

"ამ ახალ სიტუაციასთან სწრაფად მორგება ოჯახში ეფექტიანი სამუშაო სივრცის შესაქმნელად არსებითი მნიშვნელობისაა", — ამბობს გაი უინჩი, ფსიქოლოგი ნიუ-იორკიდან და წიგნის, პირველადი ემოციური დახმარება, ავტორი, — "ჩვენ სახეშეცვლილ რეალობაში ამოვყავით თავი. ამიტომ, რამდენადაც შესაძლებელია, უნდა ვეცადოთ, შევინარჩუნოთ ცხოვრების ჩვეული წესი ამ გამოწვევებით სავსე დროს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, რომ ეს არის მარათონი და არა სპრინტი. ამიტომ ჩვენ უნდა შევიქმნათ პირობები და გამოვიმუშაოთ ჩვევები და რიტუალები, რომლებიც ამ ხანგრძლივ მძიმე პერიოდს ღირსეულად გადაგვატანინებს".

"როდესაც სახლიდან მუშაობ, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი არ ფუნქციონირებს, ამიტომ დაიწყე დღე შეხვედრით", — გვირჩევს კლინიკური ფსიქოლოგიის დოქტორი, სჩეკევა ჰოლი ბრუკლინიდან, — "უპირველესი რამ, რაც ადამიანებმა უნდა გააკეთონ, არის გულწრფელი საუბრის გამართვა იმაზე, თუ რას ფიქრობენ კორონავირუსზე და როგორ უმკლავდებიან თავიანთ გრძნობებს. პანდემიასთან მიმართებით ინდივიდებს განსხვავებული დამოკიდებულებანი უმუშავდებათ. შესაბამისად, უნდა გააცნობიერო საკუთარი შფოთვის, აპათიისა და თუნდაც გაღიზიანების დონე, რადგან ამ ყველაფერს ნამდვილად შეუძლია შენს სამუშაო პროცესზე გავლენის მოხდენა".

აქედან გამომდინარე, დოქტორი უინჩი გვირჩევს, დეტალებამდე გათვლილი სიზუსტით ჩამოვაყალიბოთ ოფისის წესები: რომლებია ჩვენი სამუშაო საათები? რომელ ოთახში უნდა გავიდეს ოჯახის ის წევრი, ვისაც ზარის განხორციელება სურს? სად იქნება თითოეულის ინდივიდუალური სამუშაო სივრცე? ვინ და როდის მიაქცევს ბავშვებს ყურადღებას?

ფოტო: Ingo Fast

"სამუშაო დროის განმავლობაში სჯობს, სამუშაო ტანსაცმელი გეცვათ", — გვირჩევს დოქტორი უინჩი, — "არ არის აუცილებელი, ეს კოსტუმი იყოს, მაგრამ ნურც ღამის პერანგში გამოეწყობით. პიჟამაში სახლიდან მუშაობა ასოციაციურად უკავშირდება ცუდად ყოფნისას შინ გატარებულ დროს. ჩვენ მაქსიმალურად უნდა მოვიშოროთ ავადმყოფობაზე ფიქრები. ისეთი რიტუალური ცვლილება კი, როგორიცაა სამუშო ტანსაცმლიდან დღის ბოლოს უფრო კომფორტულ სამოსზე გადასვლა, აღნიშნავს იმას, რომ ჩვენი ბინა უკვე აღარ არის სამუშაო სივრცე, ახლა ის სახლია.

"პირველ კვირას ყოველი დღის ბოლოს დასხედით პარტნიორთან ერთად და განიხილეთ განვლილი დღე: რამდენად კარგად ჩაიარა თანამშრომლებად ყოფნის პერიოდმა? რამეს ხომ არ შეცვლიდით? დაგეხმარათ თუ არა ლანჩის დროს ერთდროულად შესვენება? ხელი ხომ არ შეგიშლიათ ერთმანეთისთვის სამუშაო სივრცედ ქცეულ ოთახში დაუკითხავად შესვლისას?"

ზოგი წყვილი ამ მდგომარეობას მომზადებული შეხვდა. ამის მაგალითია ჯენსი დანი და მისი ქმარი, ტომი — ისინი ორივენი ფრილანსერი მწერლები არიან. უკვე ათწლეულია, რაც ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ისინი სამზარეულოს მაგიდასთან მოპირდაპირედ შემომსხდარნი მუშაობენ. ამ წლებში დაგროვილი გამოცდილების შედეგად წყვილს გარკვეული წესები ჩამოუყალიბდა. "ახლა უკვე თავს ვიკავებ ისეთი იმპულსური ფიქრების მყისიერად გაზიარებისგან, როგორიცაა, მაგალითად, ამ კარზე მწერებისგან დამცავი ბადეა შესაცვლელი", — ამბობს დანი, — "ასევე, იქამდე აღარ ვაჩვენებ ჩემს ქმარს ინსტაგრამის პოსტებს საყვარელ ცხოველებზე, სანამ ლანჩის დრო არ მოვა. ეს უკანასკნელი ის პერიოდია, როცა ჩვენ ერთმანეთს ამბებს ვუზიარებთ ხოლმე. საბედნიეროდ, ჩვენ ამ ეფექტიანი სისტემის შესადგენად წლები გვქონდა და არა — დღეები".

ფოტო: Vectorstock

"მას შემდეგ, რაც ერთხელ დაარეგულირებ შენს რუტინას, ეცადე, შეინარჩუნო ის", — ამბობს ჯული მორგენშტერნი, დროის მართვისა და პროდუქტიულობის მენეჯერი ნიუ-იორკიდან და წიგნის, მშობლობის დროა, ავტორი, — "მაშინ, როდესაც ყველა სახლშია გამოკეტილი, სტრუქტურა და რუტინა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება შენი ფიზიკური, მენტალური და ურთიერთობრივი მდგრადობისთვის. თუ შენ მუშაობდი ოფისში დილის ცხრიდან ხუთ საათამდე, მაშინ სახლშიც დროის ეს შუალედი დათქვი საზღვრად. როდესაც სამსახურისთვის მოსამზადებელი და მგზავრობისთვის განკუთვნილი ორი-სამი საათი გამოგითავლისუფლდება, ეს დრო საკუთარ თავზე ზრუნვისა და ურთიერთობებისთვის გამოიყენე — ნუ დახარჯავ მას კვლავ მუშაობისთვის".

მორგენშტერნი ანტრაქტიდის მკვლევრის, ერნესტ შაქლტონის სტრატეგიას გვიზიარებს. ეს უკანასკნელი 1915 წელს უკაცრიელ ყინულოვან ადგილას თავისი საექსპედიციო ჯგუფის წევრებთან ერთად 16 თვის განმავლობაში აღმოჩნდა იზოლაციაში. "ამ პირობებშიც კი მას ჯგუფის არც ერთი წევრი არ დაუკარგავს. მისი მთავარი იარაღი რუტინა იყო", — გვიყვება ის, — "მათ ყოველი დღისთვის ჰქონდათ შემუშავებული გეგმა: ვარჯიშობდნენ, მუშაობდნენ, ასევე ჰქონდათ გართობისა და კვებისთვის გამოყოფილი დროები. ამ სტრუქტურამ ყველა გადაარჩინა. მე ეს ისტორია არასდროს დამვიწყებია: ის რუტინის ძალას ააშკარავებს".

როდესაც ოჯახში ბავშვებიც არიან, უფრო მნიშვნელოვანი ხდება უკვე არსებულ რუტინაში შესაბამისი ცვლილებების დანერგვა. "თუ შესაძლებელია, მათი სკოლისეული განრიგის სახლში გადმოტანას შეეცადეთ", — ამბობს მორგენშტერნი, — "მონახეთ იმგვარი სტრუქტურა და რუტინა, რომელიც ბავშვებს გააბედნიერებს და მშვიდ და წყნარ განწყობას შეუნარჩუნებს. თუ დამხმარე არავინ გყავთ, პარტნიორებმა უნდა გადაინაწილოთ დრო, რომ ბავშვებს მონაცვლეობით მიაქციოთ ყურადღება".

"შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ნიუ-იორკის დაწყებითი სკოლები დახურულია და ჩვენი შვილი მთელი დღის განმავლობაში სახლშია", — გვიყვება დანი, — "ტომმა და მე ჩვენი დრო ისე გადავანაწილეთ, რომ ბავშვს ყურადღება მორიგეობით მივაქციოთ. მე უფრო მეტად დილით ვარ პროდუქტიული. ჩემგან განსხვავებით, ტომისთვის შუადღე ყველაზე კომფორტულია სამუშაოდ. შესაბამისად, დილით, სანამ მე ვმუშაობ, ჩვენს 10 წლის გოგოს ტომი უვლის; ხოლო შუადღეს, როდესაც ჩემი ტვინი მუშაობისგან გადამწვარია, მასზე მე ვზრუნავ".

ფოტო: And.co / Basia

"იმისთვის, რომ გადატვირთვა და გადაღლა თავიდან ავირიდოთ, მარტო დარჩენისთვისაც უნდა გამოვნახოთ დრო", — ამბობს დოქტორი უინჩი, — "ამას პარტნიორთაშორისი დისტანცირება შეიძლება ვუწოდოთ. თუ ინტროვერტი სახლში ხუთ ადამიანთან ერთადაა გამომწყვდეული, მისთვის, შესაძლოა, ეს სიტუაცია განსაკუთრებით სტრესული აღმოჩნდეს. განმარტოებით სეირნობა გამართლებულია ნებისმიერი მიზეზით: გარემოს შესაცვლელად, სავარჯიშოდ და... შენს ფიქრებთან მარტო დასარჩენად".

ახალი რიტუალების შექმნის გზით მიზანმიმართულად გაისარჯე, რომ ოჯახთან გატარებული ეს დრო სასიამოვნო იყოს. მაგალითად, ახალი რეცეპტების დახმარებით ორცხობილების ერთად გამოცხობა სცადეთ. "სანამ სოციუმისგან დისტანცირებულები ხართ, ეცადეთ, თქვენს ოჯახთან ურთიერთობით შეივსოთ ეს დანაკლისი", — ამბობს დოქტორი ჰოლი.

როცა დაძაბულობის დონე მაღალია, ეცადე, შენი პარტნიორის მიმართ ისეთივე თავაზიანობა და შემწყნარებლობა გამოიჩინო, როგორსაც თანამშრომლის მიმართ გამოიჩენდი იმ მომენტში, როდესაც უფროსი ოფისში იმყოფება. მიაწოდე მას პერანგი, თუ Zoom-ში შეხვედრა აქვს დანიშნული. არც ერთმა დატოვოთ გაურეცხავი ჭურჭელი ნიჟარაში. პატივი ეცით ერთმანეთის პირად სივრცეს და დაიტოვეთ დრო ისეთ თემებზე საუბრისთვის, როგორიც, მაგალითად, ხელსახოცების მარაგის შევსებაა.

"ჩვენ ყველა ერთად ვცდილობთ ამ ეტაპის გადალახვას. სწორედ ასეთ მდგომარეობაშია სიკეთე და პატივისცემა ფასდაუდებელი — იმ შემთხვევაშიც კი, როცა ფიქრობ, რომ შენი პარტნიორი სათანადო გულისხმევას არ იჩენს", — ამბობს დოქტორი ჰოლი.

ამავე თემაზე: