ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, დიმიტრი შიოლაშვილის განცხადებით, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, ხელისუფლებასთან ხშირი კომუნიკაცია აქვთ და იმედი აქვს, რომ საერთო ენას გამონახავენ. ამის შესახებ მან დღეს ამბიონიდან ქადაგებისას განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ კორონავირუსის პრენვეციისთვის ზიარების წესის შეცვლის მომხრე არ არის, რადგან ფიქრობს, რომ "სულისა და ხორცის საკურნებელი" ადამიანს ვერ დააზიანებს.

ბოლო რამდენიმე დღეა საკარანტინო შეზღუდვაზე ეკლესიის პოზიცია კრიტიკისა და დავის საგანი გახდა. მაშინ, როცა აკრძალულია სამ კაცზე მეტის შეკრება, ეკლესიაში წირვა-ლოცვა ისევ ტარდება და მართალია დისტანციის დაცვით, მაგრამ ათეულობით ადამიანი იკრიბება.

საპატრიარქოს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, როგორ ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია, რომელიც სამი კაცის შეკრების გარდა, შესაძლოა, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის მიზეზი გახდეს.

პირველ აპრილს პატრიარქმა ილია მეორემ გაავრცელა მიმართა, რომლის თანახმადაც, ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს, შესაბამისად ჩატარდება სააღდგომო ლიტურგიაც. ტაძრებში წირვა-ლოცვების ჩატარებისთვის კი სასულიერო პირებს სამი რეკომენდაცია სმს-თი გაუგზავნეს.

სამი რეკომენდაცია:

  • კომენდანტის საათის გათვალისწინებით, ხვალიდან ლოცვები დაიწყოს შუა დღის 16:00 საათზე, ხოლო ყოველ დღე ეკლესია დაიკეტოს საღამოს 8 საათისთვის;
  • აუცილებელია ტაძრის ეზოში 1,5მ-ის დაშორებით დროულად გაკეთდეს ნიშნულები;
  • ყოველდღიურად ხშირად უნდა გაიწმინდოს ხატები და სიწმინდეები (სპირტისა და ვარდის წყლით), ასევე, დამუშავდეს იატაკი და ეკლესიაში მუდმივი მეთვალყურეობისთვის გამოიყოს პასუხისმგებელი პირები.

სამთავრობო გუნდი ისევ აცხადებს, რომ საკარანტინო შეზღუდვები ეხება ყველას და სააღდგომო ლიტურგიაზე შეკრებაც საკომენდანტო საათის დარღვევა იქნება, თუმცა 3-ზე მეტი ადამიანის შეკრებისთვის ეკლესიაში არავინ დაუჯარიმებიათ.

მინისტრთა კაბინეტის წევრები უარს ამბობენ ეკლესიაში მისვლაზე და მოქალაქეებსაც სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 174 შემთხვევაა დაფიქსირებული. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ვირუსის გავრცელების პიკს აპრილის ბოლოს, სწორედ საეკლესიო დღესასწაულების დროს ელოდებიან.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: