დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობისას კანონი მორწმუნეს და ათეისტს ერთნაირად ეხება. ასე გამოეხმაურა ის სააღდგომო ლიტურგიებზე მრევლის შეკრების საკითხს.

"ჩვენ დღეს ქვეყანაში გვაქვს საგანგებო მდგომარეობა. ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო. საგანგებო მდგომარეობის თანახმად, აკრძალულია ყველაზე მთავარი, ბევრი ადამიანის ერთად შეკრება, რადგან სოციალური დისტანცირება გახლავთ ყველაზე მძლავრი იარაღი ამ დაავადებასთან და ინფექციასთან ბრძოლის. ამიტომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ადამიანის ჯანმრთელობა გახლავთ ყველაზე დიდი ფუნდამენტური უფლება, ადამიანის უფლებებიდან გამომდინარე.

ამაზე დაყრდნობით, რა თქმა უნდა, მე რეკომენდაციას ვერ მივცემ და ვერ ვიტყვი, რომ კანონის საწინააღმდეგოდ ვიმოქმედოთ. კანონი გვეუბნება დღეს, საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, რომ ის ერთია მორწმუნესთვის, ათეისტისთვის და ყველასთვის. ჩვენ არ უნდა შევიკრიბოთ და ერთ სივრცეში არ უნდა იყოს გარკვეულ დისტანციებზე მყოფი 3 ადამიანზე მეტი", — განაცხადა მან.

მისი თქმით, რაც ნაკლებად შევიკრიბებით, მით დიდია იმის შანსი, რომ ეპიდემიამ ფარტო მასშტაბები არ მიიღოს. ის კიდევ ერთხელ თხოვს და მოუწოდებს მოსახლეობას, რომ დარჩნენ სახლში.

ბოლო რამდენიმე დღეა საკარანტინო შეზღუდვაზე ეკლესიის პოზიცია კრიტიკისა და დავის საგანი გახდა. მაშინ, როცა აკრძალულია სამ კაცზე მეტის შეკრება, ეკლესიაში წირვა-ლოცვა ისევ ტარდება და მართალია დისტანციის დაცვით, მაგრამ ათეულობით ადამიანი იკრიბება.

საპატრიარქოს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, როგორ ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია, რომელიც სამი კაცის შეკრების გარდა, შესაძლოა, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის მიზეზი გახდეს.

პირველ აპრილს პატრიარქმა ილია მეორემ გაავრცელა მიმართა, რომლის თანახმადაც, ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს, შესაბამისად ჩატარდება სააღდგომო ლიტურგიაც. ტაძრებში წირვა-ლოცვების ჩატარებისთვის კი სასულიერო პირებს სამი რეკომენდაცია სმს-თი გაუგზავნეს.

სამი რეკომენდაცია:

  • კომენდანტის საათის გათვალისწინებით, ხვალიდან ლოცვები დაიწყოს შუა დღის 16:00 საათზე, ხოლო ყოველ დღე ეკლესია დაიკეტოს საღამოს 8 საათისთვის;
  • აუცილებელია ტაძრის ეზოში 1,5მ-ის დაშორებით დროულად გაკეთდეს ნიშნულები;
  • ყოველდღიურად ხშირად უნდა გაიწმინდოს ხატები და სიწმინდეები (სპირტისა და ვარდის წყლით), ასევე, დამუშავდეს იატაკი და ეკლესიაში მუდმივი მეთვალყურეობისთვის გამოიყოს პასუხისმგებელი პირები.

სამთავრობო გუნდი ისევ აცხადებს, რომ საკარანტინო შეზღუდვები ეხება ყველას და სააღდგომო ლიტურგიაზე შეკრებაც საკომენდანტო საათის დარღვევა იქნება, თუმცა 3-ზე მეტი ადამიანის შეკრებისთვის ეკლესიაში არავინ დაუჯარიმებიათ.

მინისტრთა კაბინეტის წევრები უარს ამბობენ ეკლესიაში მისვლაზე და მოქალაქეებსაც სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 174 შემთხვევაა დაფიქსირებული. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ვირუსის გავრცელების პიკს აპრილის ბოლოს, სწორედ საეკლესიო დღესასწაულების დროს ელოდებიან.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: