საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია მეორემ მრევლს მორწმუნე მეცნიერის ისტორია უამბო. მან ხაზი გაუსვა, რომ ღმერთის გარეშე სამყაროში არაფერი არ ხდება და ღვთის ძალა ნებისმიერ ადამიანში გამოვლინდება, შემდეგ კი დაამატა:

"ერთ მუშაკი მოსკოვის კრემლის ეკითხება აკადემიკოს პავლოვს: ნუთუ თქვენ, ასეთი დიდი მეცნიერი ბრძანდებით, მორწმუნე ხართ? პავლოვი იყო მღვდლის შვილი, დედითაც და მამითაც. პავლოვმა უპასუხა: "როცა ჩვენ ვსწავლობთ ადამიანის სისხლს, მორწმუნე კი არა, წმინდანი შეიძლება გახდეო". ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ".

ილია მეორემ აღნიშნა, რომ "რთულ დროს ვცხოვრობთ", როცა სხვადასხვა მოვლენა მოიცავს ადამიანს. მისი თქმით, ხშირად არ გვაქვს პასუხი, რატომ ხდება ასე, მაგრამ მრევლს უნდა ახსოვდეს, რომ "ადამიანი ყველაფერს ვერ ახსნის". მისივე თქმით, ისიც უნდა ახსოვდეთ, რომ ღმერთი მოწყალეა და "ყველაფერი, ის სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს".

ამის შესახებ პატრიარქმა ხარების დღესასწაულის მისალოცად გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. მას არ დაუკონკრეტებია, თუმცა რადგან ეპიდემია და მასთან მებრძოლი მეცნიერები ყველაზე აქტუალურად განხილვადი თემაა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს მაგალითი სწორედ კორონავირუსთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა.