Olympus-ის მეცნიერების ფოტოგრაფიის კონკურსი ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობას ასობით ფოტოგრაფი იღებს. ახლახან კი 2019 წლის გამარჯვებულები გამოვლინდა. ჟიური ხშირად რთული გადაწყვეტილების წინაშეა ხოლმე — ფოტოების დიდი ნაწილი იმდენად თვალწარმტაცია, რთულია რომელიმე გამოარჩიო.

კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული ფოტოგრაფები და მათი ნამუშევრები რეგიონების მიხედვით ვლინდება: ამერიკა, ევროპა, ახლო-აღმოსავლეთი, აზია და წყნარი ოკეანის ქვეყნები.

რეგიონალური გამარჯვებულების გარდა, კონკურსს "საერთაშორისო" გამარჯვებულიც ჰყავს ხოლმე. ანუ ერთი ფოტო, რომელიც მსოფლიოში "საუკეთესოა". ცხადია, ჟიურის გადაწყვეტილება თითქმის ყოველთვის სადაოა. ამიტომ, თქვენით განსაჯეთ რომელი ფოტო მოგწონთ ყველაზე მეტად:

საერთაშორისო პრიზის მფლობელი

ფოტო: Ainara Pintor

კონკურსის მთავარი პრიზის მფლობელი აინარა პინტორი გახდა. ფოტოზე თაგვის ფლურუსცენტულად შეღებილი ტვინის ანათალია გამოსახული. მასზე ჰიპოკამპური ნეირონები (მწვანე), ცხიმოვანი მასა და FTO ცილები (წითელი) არის გამოსახული. ლურჯი შეფერილობა კი უჯრედულ ბირთვებს აქვთ. ფოტო კონფოკალური მიკროსკოპით არის გადაღებული.

ამერიკის გამარჯვებული

ფოტო: Tagide deCarvalho

ფოტოს ავტორია ტაგიდე დეკარვალჰო, რომელმაც ყველასთვის ცნობილი პატარა ორგანიზმი, ნელმავალი (ინგ. Tardigrade), ულამაზესი ანატომიით, ფლუროსცენტული მიკროსკოპის მეშვეობით ფოტოზე აღბეჭდა.

ნელმავალს ხშირად "წყლის დათვსაც" ეძახიან. პატარა ზომის და საყვარელი გარეგნობის გარდა, ეს ცხოველი ერთ-ერთი ყველაზე გამძლე ორგანიზმია.

ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის გამარჯვებული

ფოტო: Alan Prescott

ფოტოს ავტორია ალან პრესკოტი, რომლის ფოტომაც ერთდროულად სამ კონტინენტზე გაიმარჯვა. განმარტების გარეშე, რთული მისახვედრია კონკრეტულად რა არის ფოტოზე ასახული. პრესკოტმა ფლუროსცენტული მარკერების მეშვეობით თაგვის "ულვაშის" მიკროსკოპული დასურათება მოახერხა.

თაგვების, კატების და ბევრი სხვა ძუძუმწოვრის ულვაშები მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ. ისინი ცხოველებს საკვების ძიებაში და გადაადგილებაში ეხმარებათ და რეცეფტორის ფუნქციას ასრულებენ.

აზია-წყნარი ოკეანის გამარჯვებული

ფოტო: Howard Vindin

ჰოვარდ ვინდინის ფოტოზე თაგვის ავტოფლუროსცენციული ემბრიონია ასახული. თვალწარმტაცი ფერების გარდა, ეს ფილოგენეზური განვითარების კარგი ილუსტრაციაა.

კონკურსის საპატიო მონაწილეები

ცხადია შეჯიბრში ყველა ვერ გაიმარჯვებს. თუმცა, ჟიურიმ კიდევ რამდენიმე გასაოცარი ფოტო გამოაქვეყნა, რომლებმაც პრიზი ვერ მოიპოვეს, მაგრამ ჟიურის ყურადღება ნამდვილად მიიქციეს

ფოტო: Ming-Der Lin

მინგ-დერ-ლინის ფოტოზე, რომელსაც ზემოთ ხედავთ, ბზიკის განაყოფიერებული კვერცხუჯრედებია ასახული.

ფოტო: Hamed Rajabi

ხოლო ზემოთ მოცემულ რაჯაბის ფოტოს "ცაში მიმავალი ბილიკი" ჰქივა და მასზე მწერის კეცვადი ფრთა არის აღბეჭდილი. ფრთის მემბრანები ვარსკვლავებს წააგავს, ხოლო ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად მიმავალი ბილიკები სინამდვილეში სისხლძარღვებია.

პირადი ფავორიტი

ფოტო: Justin Zoll

ზემოთ ამინომჟავა ლ-გლუტამინი და ბეტა ალანინის კრისტალიზებული პრეაპარატი ჩანს, რომელიც ეთანოლის შემცველ ხსნარშია მოთავსებული, ფოტო 50-ჯერადი გადიდებით, მაპოლარიზებელი ფილტრებითაა გადაღებული. ხოლო რატომ ვერ დაიმსახურა ამ ულამაზესმა ფოტომ ჯილდო, უცნობია...