დღეს, 14 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ მორიგი სხდომა გამართა.

იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო სექტორს კიდევ ერთხელ მიმართა, წარმოადგინონ კონკრეტული წინადადებები საარჩევნო კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გასასწორებლად.

უწყებათაშორისი კომისია დღის ბოლომდე აგრძელებს პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციებისა და წინადადებების მიღებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა შეიცვალოს საარჩევნო კოდექსში, თვითმმართველობის არჩევნებამდე. რეკომენდაციების წარდგენის ვადა დღეს იწურება.

საარჩევნო კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით წინადადებების მომზადება კომისიის მუშაობაში ჩართულ პოლიტიკურ პარტიებსა და ორგანიზაციებს იუსტიციის მინისტრმა 28 ოქტომბრის სხდომაზე შესთავაზა.

უწყებათაშორისი კომისია იუსტიციის მინისტრის 29 ივნისის ბრძანებით შეიქმნა და მან პირველი სხდომა 13 ივლისს გამართა. კომისია ორ კვირაში ერთხელ იკრიბებოდა, სექტემბრიდან კი სხდომები კვირაში ერთხელ ტარდება.