ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სერიალების და სატელევიზიო შოუების ყურება ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.

ის, რაც ამერიკულ კინოინდუსტრიაში რამდენიმე ათეული წლის წინ წარმოუდგენელი იყო, დღეს რეალობაა და მრავალსერიული კინოშედევრები მასობრივად იპყრობენ მაყურებელთა გულებს.

თუმცა ახალი თაობის ყურადღების შესანარჩუნებლად კინოინდუსტრიას რევოლუციური ნაბიჯების გადადგმა ესაჭიროება.

აღნიშნული გამოწვევის საპასუხოდ ანიმაციური ფილმი "შრეკის" შექმნელი, ჯეფრი კაცენბერგი და HP-ის და eBay-ის ხელმძღვანელი, მეგ უითმანი ახალი სთრიმინგ პლატფორმის, Quibi-ის ირგვლივ გაერთიანდნენ.

სერვისის მთელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ მასში განთავსებული მაღალხარისხიანი ვიდეოკონტენტი ხანმოკლეა და პირველ რიგში სმარტფონის მომხმარებლებზეა გათვლილი.

პროექტით მალევე დაინტერესდნენ ისეთი ინვესტორები, როგორებიც არიან The Walt Disney Company, NBCUniversal, Sony Pictures, WarnerMedia, Viacom, CBS და სხვები. ინვესტორებმა Quibi-ს განვითარება ჯამში 1 მილიარდი აშშ დოლარით დააფინანსეს.

რას იღებს მომხმარებელი?

Quibi-ს ყოველთვიური გამოწერის ღირებულება $4,99-დან $7,99-მდე მერყეობს. პირველი პაკეტის არჩევის შემთხვევაში კონტეტთან ერთად თქვენ ხანმოკლე სარეკლამო ვიდეორგოლების ყურებაც მოგიწევთ. ახალი მომხმარებელი, რომელიც Quibi-ს გამომწერი აპრილის ბოლომდე გახდება სერვისით 90 დღის განმავლობაში სრულიად უფასოდ ისარგებლებს. სერვისი მხოლოდ Android და iOS პლატფორმაზე მუშაობს, რადგან ის მხოლოდ სმარტფონებისთვის შეიქმნა.

გადახდილი თანხის სანაცვლოდ თქვენ სასურველი ჟანრის მოკლემეტრაჟიან ფილმებს, სერიალებს და საინფორმაციო ხასიათის ვიდეორგოლებს მიიღებთ.

სერვისის გამოყენების პირველივე დღეს გირჩევთ უყუროთ ვიდეორგოლებს კატეგორიიდან “ფილმები თავების მიხედვით“ (Movies in Chapters). აღნიშნულ კატეგორიაში თავმოყრილია ფილმები, რომლებიც 5-10 წუთიან თემატურ ნაწილებადაა დაყოფილი. აღნიშნულ კატეგორიაში თქვენ აღმოაჩენთ ისეთ ფილმებს, როგორებიცაა "Survive" სოფი ტერნერის მონაწილეობით და "Most Dangerous Game" ლიამ ჰემსვორდის და კრისტოფ ვალცის მონაწილეობით.

Quibi-ში ერთი ვიდეოს ხანგრძივობა 10 წუთს არ აღემატება. მობილური მოწყობილობების სთრიმინგ სერვისისთვის ასეთი მიდგომა გონივრულია, რაც მომხმარებელს მგზავრობისას ან შესვენებისას მოკლე დროში სასურველი ეპიზოდის ყურების საშუალებას აძლევს.

როგორ მუშაობს Quibi?

Quibi-ს მოხმარების პირველივე დღეს თქვენ აღმოაჩენთ, რომ მისი მობილური ფორმატი ძალიან მოსახერხებელია. ნებისმიერი მოკლემეტრაჟიანი ეპიზოდის კომფორტულად ყურება როგორც ვერტიკალურ, ისე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში შეგიძლიათ. ვიდეოებს შორის გადართვა კი ისეთივე მოსახერხებელია, როგორც სხვა ცნობილ ვიდეო აპლიკაციებში.

ფოტო: Quibi

შესაძლოა ვიდეოს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ყურების დროს თქვენ ვერ დაინახავთ სრულ გამოსახულებას, თუმცა მთავარი მოვლენები აუცილებლად სმარტფონის ეკრანის ცენტრში განვითარდება. ვერტიკალურ რეჟიმში ყურებისას დროის ხაზი მარჯვენა მხარეს, ვერტიკალურადაა განთავსებული. ცაცია მომხმარებლებისთვის კი ხელმისაწვდომია სპეციალური რეჟიმი, რომლის გააქტიურებისთანავე დროის ხაზი ეკრანის მარცხენა მხარეს გადმოინაცვლებს.

აპლიკაციის კიდევ ერთი ჩანართი მოიცავს Offline რეჟიმს, რომელიც საშუალებას გაძლევთ ეპიზოდები წინასწარ საკუთარ სმარტფონში გადმოიწეროთ. Quibi-ს ასევე ინტერნეტ ტრაფიკის დაზოგვის რეჟიმიც აქვს, რა დროსაც ვიდეოკონტენტის ხარისხი უმნიშვნელოდ მცირდება, რასაც სმარტფონის ეკრანზე შეუიარაღებელი თვალით პრაქტიკულად ვერც კი შეამჩნევთ.

ფოტო: Quibi

ტექნიკური თვალსაზრისით აპლიკაცია თითქმის იდეალურია. ყველა ფუნქცია გამართულად მუშაობს, ხოლო სერვისის დინამიკურობა ცალსახად მაღალ შეფასებას იმსახურებს.

მიაღწევს თუ არა ახალი ექსპერიმენტალური სთრიმინგ სერვისი Quibi წარმატებას განსხვაბებული ვიდეო კონტენტის საშუალებით? ამას ჩვენ უახლოეს მომავალში გავიგებთ. შეგახსენებთ, რომ Quibi-მ მაუწყებლობა გუშინ, 6 აპრილს დაიწყო.