საქართველოში აღდგომის დღესასწაულზე წმინდა ცეცხლს ისრაელიდან საქართველოში Georgian Airways ჩამოიტანს. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა, რომან ბოკერიამ ფეისბუქზე დაწერა. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს პატრიარქს, რომელმაც კომპანიას ხატი აჩუქა.

რომან ბოკერია წერს, რომ ამიერიდან მოქალაქეების დასაბრუნებლად კომპანიის ყველა რეისი ამ ხატის თანხლებით შესრულდება.

"საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიერ კურთხეული ხატის ჩუქება საქართველოს ეროვნული ავიახაზებისთვის, ჯორჯიან ეარვეისისათვის არის უდიდესი მადლის, სიკეთის, სითბოს, სიყვარულის და მფარველობის ჩუქება ჩვენი გმირი პილოტების, ბორტგამცილებლების, ტექნიკური მომსახურე პერსონალის და მთლიანად მთელი კოლექტივისთვის", — წერს რომან ბოკერია.

კომპანიის დირექტორის თქმით, ხვალ 7 აპრილს, ჯორჯიან ეარვეისი რეისს თბილისი ათენის მიმართულებით შეასრულებს.

6 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 188 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან ორი პაციენტი გარდაიცვალა, 39 კი უკვე გამოჯანმრთელდა. ამ დრომდე კარანტინის რეჟიმში რჩება 5 056 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 386.

კორონავირუსი დაუდასტურდა საჩხერის მერის ცოლს, რომელიც საჩხერის კლინიკის ექიმია. მერი ბენიამინ ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ ინფორმაციის მიღების შემდეგ, თვითიზოლაციაში იმყოფება. ბოლო 2 კვირის განმავლობაში მას არაერთი შეხება ჰქონდა სხვადასხვა პირთან, თუმცა როგორც მუნიციპალიტეტის გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, ის პირბადით და ხელთათმანებით მოძრაობდა.

ჯერ კიდევ აქტუალურ საკითხად რჩება ეკლესიებში წირვა-ლოცვის ჩატარებისას მრევლის დასწრება. როგორც საპატრიარქო აცხადებს, ისინი იცავენ ყველა რეკომენდაციას და ღვთისმსახურების დროს მრევლს მოუწოდებენ, დისტანცია დაიცვან. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ არ მიუღიათ გადაწყვეტილება, თუ რა იქნება აღდგომის დღესასწაულზე, რადგან სიტუაციის განმუხტვას ელოდებიან. მისივე თქმით, კომენდანტის საათის დროს მორწმუნე სახლში უნდა იყოს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საქართველოში 21 მარტს საგანგებო რეჟიმი გამოცხადდა და დამატებითი შეზღუდვები დაწესდა. აღნიშნული ზომები 31 მარტის შემდეგ გამკაცრდა, როდესაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ "ფაქტობრივი კარანტინი" გამოაცხადა. ამოქმედდა ე.წ. კომენდანტის საათი და სამზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: