ბათუმში კომენდანტის საათის დარღვევაში ბრალდებული პოლიციას ძალის გადამეტებისთვის უჩივის. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, პაატა დიასამიძე On.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ მათ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უკვე მიმართეს.

ადვოკატის თქმით, საქმეზე გამოძიება დაწყებულია, დანიშნულია სამედიცინო ექპერტიზა და ამოღებულია ვიდეო ჩანაწერები. მოქალაქე მთავარ არხთან საუბრისას ყვება, რომ გარეთ წამლის საყიდლად იყო გასული, პოლიციელები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსების შემდეგ კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ადვოკატის თქმით, დაზარალებულს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება.

"დამაგდეს ძირს გამკოჭეს, დაახლოებით ალბათ ხუთნი იყვნენ, იმიტომ, რომ ბევრი მანქანები გამოიძახეს და ესე ღორივით პირდაპირ ამწიეს და შემაგდეს, თან ვეუბნები, რომ მომტყდა ხელი, ზურგზე პრობლემა მაქვს, ამისთვის ვარ გამოსული, რას აკეთებთქო, არ გამისკდეს ეს წანაზარდი და ერთ-ერთმა რა უნდა გაგისკდესო და ზუსტად მუხლებით ახტა და დამახტა", — ამბობს მოქალაქე.

ადვოკატებმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს 4 აპრილს მიმართეს. პაატა დიასამიძე ამბობს, რომ იმედი აქვს გამოძიება ეფექტურად წარიმართება.

კანონის მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები.

6 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 188 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან ორი პაციენტი გარდაიცვალა, 39 კი უკვე გამოჯანმრთელდა. ამ დრომდე კარანტინის რეჟიმში რჩება 5 056 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 386.

კორონავირუსი დაუდასტურდა საჩხერის მერის ცოლს, რომელიც საჩხერის კლინიკის ექიმია. მერი ბენიამინ ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ ინფორმაციის მიღების შემდეგ, თვითიზოლაციაში იმყოფება. ბოლო 2 კვირის განმავლობაში მას არაერთი შეხება ჰქონდა სხვადასხვა პირთან, თუმცა როგორც მუნიციპალიტეტის გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, ის პირბადით და ხელთათმანებით მოძრაობდა.

ჯერ კიდევ აქტუალურ საკითხად რჩება ეკლესიებში წირვა-ლოცვის ჩატარებისას მრევლის დასწრება. როგორც საპატრიარქო აცხადებს, ისინი იცავენ ყველა რეკომენდაციას და ღვთისმსახურების დროს მრევლს მოუწოდებენ, დისტანცია დაიცვან. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ არ მიუღიათ გადაწყვეტილება, თუ რა იქნება აღდგომის დღესასწაულზე, რადგან სიტუაციის განმუხტვას ელოდებიან. მისივე თქმით, კომენდანტის საათის დროს მორწმუნე სახლში უნდა იყოს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საქართველოში 21 მარტს საგანგებო რეჟიმი გამოცხადდა და დამატებითი შეზღუდვები დაწესდა. აღნიშნული ზომები 31 მარტის შემდეგ გამკაცრდა, როდესაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ "ფაქტობრივი კარანტინი" გამოაცხადა. ამოქმედდა ე.წ. კომენდანტის საათი და სამზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: