კვირას გამართული არჩევნები ევროპული გავლენის გამოცდად იქცა აღმოსავლეთ ევროპის ორ ქვეყანაში - ბულგარეთსა და მოლდოვაში, სადაც წინასწარი მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებს პრო-რუსი კანდიდატები დამაჯერებლად იგებენ.

როიტერსის ინფორმაციით, ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა 58 პროცენტზე მეტმა ხმა მისცა სოციალისტური პარტიის პრო-რუს კანდიდატს, რუმენ რადევს.

როგორც The Guardian წერს, ბულგარელი ამომრჩევლები იმედგაცრუებულები არიან მმართველი პარტიის კორუფციასთან ბრძოლის ტემპით, გაზრდილია უკმაყოფილება ევროკავშირის მიმართ და ასევე, რუსეთთან დისტანცირების გამოც.

ბულგარეთის პრეზიდენტობის პრო-რუსი კანდიდატი, რუმენ რადევი სხვა ქვეყნებში მცხოვრები პრო-რუსი პოლიტიკოსების მსგავსად, წინასაარჩევნო კამპანიისას ამბობდა, რომ ის "არც რუსეთის მხარესაა და არც დასავლეთის". ის ამომრჩეველს არწმუნებდა, რომ "ბულგარეთის მხარეს" იყო. რადევის თქმითვე, ბულგარეთმა უნდა მონახოს ბალანსი ევროკავშირისა და ნატოს წევრობით გამოწვეულ ვალდებულებებსა და რუსეთთან პარტნიორობას შორის.

რაც შეეხება მოლდოვას, აქ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შესახებ უკვე განაცხადა ასევე სოციალისტური პარტიის პრო-რუსმა კანდიდატმა იგორ დოდონმა.

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამართვა გახდა საჭირო, რადგან პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გაიმარჯვა. მეორე ტურის შემდეგ კი ცხადი გახდა, რომ მოლდოვის ევროპასთან დაახლოების ბოლო შვიდწლიანი პოლიტიკა, შეიძლება, ახალმა, პრო-რუსმა პრეზიდენტმა შეაყოვნოს. მნიშნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველოსა და უკრაინისგან განსხვავებით, მოლდოვას უკვე აქვს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან.