რამხელაა კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანის სიკვდილიანობის ალბათობა? მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი სხვადასხვა ქვეყანაში 1:1000-დან ან 1:30-მდე მერყეობს.

ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს. ყველაფერი დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, სქესზე, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ჯანდაცვის სისტემაზე, რომელიც მკურნალობას უზრუნველყოფს. მარტივად რომ ვთქვათ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით იცვლება.

გაერთიანებულ სამეფოში 2 აპრილის მდგომარეობით 33 718 დადასტურებული ინფიცირების შემთხვევიდან 2921 პაციენტი გარდაიცვალა — სიკვდილიანობის მაჩვენებელი აქ 9%-ს აღწევს. იტალიაში ეს რიცხვი 12%-ია.

აღნიშნული რიცხვებით ჩვენ ვერ გავიგებთ ვირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელს, სანამ არ გვეცოდინება ყველა ინფიცირებულის მდგომარეობა მომავალში.

ამჟამად ცნობილი სიკვდილიანობის მაჩვენებელი ზუსტი ვერ იქნება, რადგან არ ითვალისწინებს ჯერ კიდევ ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობას, რომლებიც საბოლოოდ ან გამოჯანმრთელდებიან ან გარდაიცვლებიან. მაგალითისთვის, მარტის დასაწყისში სამხრეთ კორეის სიკვდილიანობის მაჩვენებელი სულ რაღაც 0,6%-ს აღწევდა. მოგვიანებით ეს რიცხვი 1,7%-მდე და პიკის გადალახვის შემდეგ 2,9%-მდე გაიზარდა.

დიდი ბრიტანეთის ლევერჰალმის დემოგრაფიული მეცნიერების ცენტრის წარმომადგენლის, მელინდა მილსის აზრით, ქვეყნებს შორის სიკვდილიანობის მაჩვენებელი ვირუსის ასაკოვან ადამიანებში გავრცელებაზეა დამოკიდებული. ცნობისთვის, სამხრეთ კორეასა და გერმანიაში პირველი ინფიცირებულები ახალგაზრდები იყვნენ.

მილსის და მისი კოლეგების ვარაუდით, იტალიის მოსახლეობის 10%-ის ინფიცირების შემთხვევაში ჩვენ 302 530 გარდაცვალების შემთხვევას მივიღებთ, რადგან ქვეყანაში 61 მილიონი მოხუცი ცხოვრობს, ნიგერიაში კი მხოლოდ 142 058 გარდაცვალების შემთხვევას მივიღებდით, რადგან ქვეყნის 191 მილიონიანი მოსახლეობა უმეტესწილად ახალგაზრდაა.

საინტერესოა რამდენი ასიმპტომური ან მუბუქად გამოვლენილი სიმპტომების მქონე ადამიანი დარჩა სტატისტიკის მიღმა. თუ ეს რიცხვი დიდია, მაშინ ინფიცირებით გარდაცვალების მაჩვენებელი ზოგადი სიკვდილიანობის მაჩვენებლებთან შედარებით დაბალი იქნება. როგორც ვიცით, დიდ ბრიტანეთში ტესტირებას მხოლოდ მკვეთრად გამოხატული სიმპტომების მქონე პაციენტებს უტარებენ, რის შედეგადაც მრავალი შემთხვევა ყურადღების მიღმა რჩება.

ლონდონის საიმპერატორო კოლეჯში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ჩინეთში სიკვდილიანობის მაჩვენებელმა მხოლოდ 0,66%-ს მიაღწია. ამ რიცხვის გამოთვლა უჰანიდან ევაკუირებულ მოქალაქეებში ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების კვლევით გახდა შესაძლეველი.

ბერნის უნივერსიტეტიდან (შვეიცარია) ჟულენ რიუ ვარაუდობს, რომ იტალიაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 3,3%-ს შეადგენს, სადაც შემთხვევების 1%-ს 50-59 წლადმდე ადამიანები შეადგენენ. სიკვდილიანობის მაჩვენებლის დანარჩენი 90%-ს 80 წელს გადაცილებული ადამიანები შეადგენენ. ჩინეთისა და ესპანეთისთვის სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებელი 3%-ს აღწევს. რიუს თქმით, იმ შემთხვევაში, თუ 80 წელს ზემოთ გადაცილებულთა შემთხვევების ნახევარი არ აღირიცხება, ეს ფაქტი სიკვდილიანობის მაჩვენებელს 2-ჯერ შეამცირებს.

ოქსფორდის უნივერსიტეტიდან ჯეისონ ოკე კი მიიჩნევს, რომ ინფიცირებულთა ყველა სიკვდილის შემთხვევა მაინცდამაინც კორონავირუსით არაა გამოწვეული. მისი თქმით, იტალიაში გაზრდილი სიკვდილიანობის მიუხედავად, ეს რიცხვი არც თუ ისე დიდია 2016 წლის სეზონური გრიპით გამოწვეულ სიკვდილიანობასთან შედარებით. ოკეს გუნდი მიიჩნევს, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი საერთო ჯამში 0,1%-ს არ გადააჭარბებს.

მაგალითისთვის, იტალიის ქალაქ ნემბროში, სადაც ინფიცირების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, ბოლო 5 წელიწადში ყოველ წელს სეზონური გრიპით საშუალოდ 35 ადამიანი იღუპება. ამავე ქალაქში ბოლო 158 დადასტურებული სიკვდილის შემთხვევიდან კორონავირუსით მხოლოდ 31 ადამიანი გარდაიცვალა.

ამჟამად ჩვენ ვერ დავადგენთ სიკვდილიანობის ზუსტ მაჩვენებელს. ამის გარკვევა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საყოველთაო ტესტირების შემდეგ, როცა ადამიანებში გამოვლინდება ვირუსის შემდგომი ანტისხეულები, რაც ყურადღების მიღმა დარჩენილი შემთხვევების აღრიცხვისა და უფრო ზუსტი მონაცემების მიღების საშუალებას მოგვცემს.