პანდემიამ და მის შედეგად თვითიზოლაციის მიღებულმა ზომებმა ადამიანები ერთმანეთს დააშორა. უამრავ ადამიანს დიდი ხანია მეგობრები და ნათესავები არ უნახავს, რასაც ბევრი მეცნიერის ვარაუდით, ჩვენზე გარკვეული უარყოფითი შედეგები აქვს.

გარდა იმისა, რომ ადამიანები ძალიან სოციალურები ვართ და ჩვენი ფსიქოლოგიური კეთილდღეობისთვის, სოციალური აქტივობა, ისევე როგორც მჭიდრო ოჯახური, პირადი და სამეგობრო კავშირები მნიშვნელოვანია, დიდი ხანია ცნობილია, რომ "სოციალური სიახლოვე" ჩვენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც აისახება.

მარტოობა და იზოლაცია პირდაპირ აისახება ჩვენს სისხლის წნევაზე, აუარესებს რიგ ქრონიკულ ანთებებს და ხშირად იმუნიტეტსაც ასუსტებს.

არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ ადამიანური კავშირის ყველაზე მარტივი ფორმებიც კი, როგორიცაა უცხოსგან დახმარების მიღება, საუბარი საყვარელ ადამიანთან და ა.შ. სტრესის და ხშირად რიგი დაავადებების სიმპტომებს ამსუბუქებს.

მხატვრები სოციალური დისტანცირების კამპანიას უერთდებიან

მხატვრები სოციალური დისტანცირების კამპანიას უერთდებიან

ფოტო: Dario Castillejos

ერთ-ერთი ექსპერიმენტის მიხედვით, ძლიერი სოციალური კავშირების მქონე ადამიანები, გრიპის მიმართ უფრო რეზისტენტულებიც კი არიან.

ამის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ არსებულ ვითარებაში ჩვენი საყვარელი ადამიანებისგან კეთილგანწყობა და ემპათია მაქსიმალურად მივიღოთ და გავცეთ. მოკლედ რომ ვთქვათ, სიკეთე ჯანმრთელობისთვის კარგია.

"ძალიან ძლიერი დამცველობითი ეფექტებია, რომლებიც არ უნდა უგულებელვყოთ", — ამბობს ბრიგჰამ იუნგის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის და ნეირომეცნიერების პროფესორი ჯულიან ჰოლტ-ლუნსტადი. "სხვებისგან თანადგომის მიღება და სხვებისთვის თანადგომის აღმოჩენა ამ ყველაფრის გადატანაში დაგვეხმარება".

Covid-19-ისთვის სპეციფიკური ვაქცინის არარსებობის გამო, სოციალური დისტანცირება ვირუსის გავრცელებასთან საბრძოლველად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღია, რომელიც შეძლებისდაგვარად ყველამ უნდა გამოვიყენოთ. მიუხედავად ამისა, პანდემია მარტოობას ართულებს.

ადამიანები სოციალური არსებები არიან და თანადგომა ყველაზე მეტად ალბათ მაშინ სჭირდებათ, როცა გარეთ მუდმივი საფრთხე მძვინვარებს.

კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევრის, ნაომი აიზენბერგერის თქმით, როცა თავს განმარტოებულად ვგრძნობთ, ჩვენი სხეული "საფრთხისთვის" ემზადება. ნერვული სისტემა ჰორმონ ნორეპინეფრინს გამოყოფს, რომელიც სხეულში ანთებით პროცესებს ბიძგს აძლევს.

ჩვენს წინაპრებში მსგავსი ნერვული სტიმული უშუალო საფრთხის პირობებში ირთვებოდა, როცა ვინმეს მტაცებელი მისდევდა ან რამე მსგავსი. შესაბამისად სტრესულ ვითარებაზე ასეთი ჰორმონალური პასუხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.

დღეს მსგავსი საფრთხეების წინაშე იშვიათად ვართ, შესაბამისად რეალური სტრესისადმი განვითარებული ევოლუციური პასუხი აბსტრაქტული საფრთხეების და სირთულეებისადმი ნაკლებად გვეხმარება.

მარტოობა ადამიანებს მუდმივ დაძაბულობაში ამყოფებს, რაც ქრონიკურლი დაავადებების, დიაბეტის და ათეროსკლეროზის რისკს ზრდის.

ჰოლტ ლუნსტადი რამდენიმე კვლევის ავტორია, რომელიც მარტოობას და სიკვდილიანობას შორის აშკარა კავშირს აჩვენებს.

ერთ-ერთი მეტაანალიზის მიხედვით, რომელიც 70 კვლევას ეყრდნობა, 1980-2014 წლებში სიკვდილიანობის რისკი მარტო მცხოვრები ადამიანებისთვის 32%-ით მაღალი იყო. აღსანიშნავია, რომ სიკვდილიანობის ალბათობა საგრძნობლად უფრო მაღალი იყო ისეთ ადამიანებში, რომლებსაც ნაკლები სოციალური კავშირი ჰქონდათ და/ან თავს მარტოსულად გრძნობდნენ.

არსებულ გარემოებაში იზოლაცია ჩვენს ჯანმრთელობაზე, შესაძლოა, უარყოფითად ისახება. თუმცა ამის შემსუბუქება სოლიდარობით და ჩვენი სოციალური წრით შესაძლებელია.

კეთილგანწყობა და სოციალური თანდაგობა სტრესისადმი რეაქციას ამსუბუქებს. უტას უნივერსიტეტის ექსპერიმენტი ამის კარგ ილუსტრაციას იძლევა.

ექსპერიმენტის ფარგლებში ათობით სტუდენტი ოთახში რიგრიგობით შეჰყავდათ, სადაც მათში ნეგატიურ ემოციებს აღძრავდნენ. მაგალითად, ადანაშაულებდნენ ქურდობაში, შემდეგ კი 3 წუთის მანძილზე ემოციური რეაქციის მარკერებს ზომავდნენ.

ექსპერიმენტში მონაწილეებს გულისცემა უჩქარდებოდათ, წნევა ეზრდებოდათ და სტრესული ჰორმონები გამოეყოფოდათ.

ზოგ შემთხვევაში, ექსპერიმენტის დასრულებისას სტუდენტები კომპლიმენტს იღებდნენ: "მადლობა ექსპერიმენტში მონაწილეობისთვის... თქვენი მონაწილეობა ჩვენ ძალიან დაგვეხმარა..." ასეთ შემთხვევაში, სტუდენტების სტრესი მნიშვნელოვნად მცირდებოდა.

"მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ემოციურ მხარდაჭრაზე პოტენციური წვდომაც კი სტრესისადმი ადაპტაციას აუმჯობესებს", — ამბობს უტას კვლევის თანაავტორი.

ფოტო: Michael Kountouris / Greece / CagleCartoons.com

საინტერესოა, რომ ემოციური კავშირის დამყარება, თანადგომის და სოლიდარობის შეგრძნება მხოლოდ კომუნიკაციით ან ფიზიკური ურთიერთობით არ ხდება. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, საყვარელი ადამიანის ფოტოს ნახვაც კი სტრესულ სიტუაციებს, მაგალითად, ფიზიკურ ტკივილს მნიშვნელოვნად ამსუბუქებს. სისხლის წნევა ნაკლებად იწევს და სტრესული ჰორმონები ნაკლებად გამოიყოფა.

ძვირფას და სოლიდარულ ადამიანზე ფიქრიც კი მნიშვნელოვნად მოქმედებს ტვინის ვენტრომედიალურ პრეფრონტალურ კორტექსზე — ტვინის უბანი, რომელიც შიშის დაძლევასთან არის ასოცირებული.

მეცნიერები ამას ბუფერულ ეფექტს ეძახიან. აიზენბერგერის თქმით, მეგობრებისგან და ოჯახისგან მიღებული უსაფრთხოების შეგრძნება სტრესული სიტუაციებისას ადამიანებში უფრო "მშვიდ ფიზიოლოგიურ" პასუხს განაპირობებს.

უტას კვლევის ავტორის, ბერტ უჩინოს თქმით "საფრთხის და საშიშროების თავიდან ასარიდებლად შფოთვა და სტრესი იმუნიტეტთან ერთად მუშაობს".

მკვლევარი აღნიშნავს, რომ ევოლუციურ კონტექსტში ეს ძალიან ლოგიკურია. მეცნიერების განვითარება სოციალურ მეცნიერებს და იმუნოლოგებს თანამშრომლობის შესაძლებლობას აძლევს, რაც მანამდე ვერ ხერხდებოდა.

სოციალური მკვლევრები და მეცნიერები აცნობიერებენ, რომ მიღებულ იზოლაციის ზომებს რიგი უარყოფითი ეფექტები აქვთ, რაც ბევრ კითხვას ბადებს: როგორ აისახება ეს ყველაფერი ჩვენ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე? როოგრ ართმევენ თავს არსებულ სიტუაციას ძალადობრივ ურთიერთობაში მყოფი ადამიანები?

ლუნსტადის თქმით, ასეთ გარემოებაში მნიშვნელოვანია, რომ სოციალური კავშირები შევინარჩუნოთ. ვესაუბროთ ერთმანეთს ინტერნეტით. მეზობლებს ხელი დავუქნიოთ და აივნებიდან ვიმღეროთ.

ისიც აღსანიშნავია, რომ თვითიზოლაციის მიღებული ზომები ნაწილობრივ ნებაყოფლობითი გაერთიანების შედეგია. ადამიანები მხოლოდ იმიტომ კი არ რჩებიან სახლში, რომ მათ ამისკენ მთავრობა მოუწოდებს, არამედ იმიტომაც, რომ ისინი არსებული ვითარების სერიოზულობას აცნობიერებენ.

ლუნსტადის თქმით, დისტანცირებას უნდა მივუდგეთ არა როგორც სოციალურ იზოლაციას, არამედ როგორც ფიზიკურ იზოლაციას.