ხელოვნური ინტელექტის დახმარებით გაირკვა, რომ თაგვებს ემოციების გამომხატველი სხვადასხვა გამომეტყველების მიღება შეუძლიათ.

გერმანიის მაქს პლანკის ნეირობიოლოგიის ინსტიტუტის მკვლევრებმა აღმოჩენა ლაბორატორიის თაგვებზე დაკვირვებით გააკეთეს. თაგვებს სხვადასხვა გამღიზიანებელზე პასუხის გაცემა უწევდათ, მკვლევრები კი მანქანური დასწავლის ალგორითმის მეშვეობით ამ პასუხებს აანალიზებდნენ.

პროგრამამ დაადგინა, რომ ემოციების ცვლილებებთან ერთად მათი სახის კუნთებიც იცვლებოდა. როდესაც თაგვები ტკივილს გრძნობდნენ ისინი ყურებს უკან წევდნენ, ლოყებს კი ბერავდნენ. ხოლო სიამოვნების დროს ყბასა და ყურებს წინ წევდნენ.

ასევე გაირკვა, რომ მათი გამომეტყველება იმაზე დამოკიდებულებით იცვლებოდა, თუ როგორ გრძნობდნენ თავს გამღიზიანებლამდე. მაგალითად, როდესაც მწყურვალ თაგვს შაქრიანი სასმელი შესთავაზეს, მისმა სახემ უფრო მეტი სიხარული აჩვენა, ვიდრე ისეთი მღრღნელის სახემ, რომელსაც წყურვილის გრძნობა უკვე დაკმაყოფილებული ქონდა.

იდეა იმის შესახებ, რომ მიმიკები ემოციებს გამოხატავს ახალი სულაც არ არის. ამის შესახებ ჯერ კიდევ 1872 წელს ჩარლს დარვინი საუბრობდა. მისი აზრით, ადამიანები და ცხოველები საკუთარ ემოციებს სხვადასხვა გამომეტყველებით გამოხატავდნენ. ხელოვნური ინტელექტის განვითარების შედეგად კი ამ თეორიის შემოწმებაა შესაძლებელი.

მკვლევართა გუნდმა სისტემა ისეთი ფოტოების ჩვენებით გაწრთვნა, სადაც სხვადასხვა მიმიკა იყო ნაჩვენები და რომლებიც თანმდევი ემოციის აღმნიშვნელი ნიშნით იყო გამოყოფილი. შემდეგ მას მოუნიშნავი ფოტოები აჩვენეს და ემოციების გაშიფვრა დაავალეს. პროგრამამ ემოციები 90% სიზუსტით ამოიცნო.

მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ მათი კვლევა იმის შესახებ თუ როგორ იწვევს ნეირონები სახის გამომეტყველებებს თაგვებში, ადამიანის ტვინის შესწავლაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.

კვლევა ჟურნალ Science-შია გამოქვეყნებული.