ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორის, მარინა ენდელაძის თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 38 პაციენტიდან უმეტესობას პნევმონია აქვს. მისი თქმით, ინფიცირებულებს შორის ხანდაზმულების რაოდენობამ მომიმატა, რამაც მძიმე პაციენტების რიცხვის მატებაც გამოიწვია.

"38-იდან 2/3 მაინც არის პნევმონიით, ექვსის მდგომარეობა მძიმეა, ერთის კრიტიკული. ანუ საყურადღებო პაციენტები გვყავს, თანდათან უფრო დაიძაბა მუშაობა, სიმძიმემ ცოტა მოიმატა. უფრო მეტი პნევმონია გამოჩნდა, დინამიკაში ასე ხდება ხოლმე", — თქვა მარინა ენდელაძემ.

ექიმის ინფორმაციით, დღის ბოლოსთვის დაახლოებით, 20 ადამიანს პასუხებს ელოდებიან. ექიმის თქმით, ვარაუდობენ, რომ მომავალში გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც გაიზრდება.

6 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 188 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან ორი პაციენტი გარდაიცვალა, 39 კი უკვე გამოჯანმრთელდა. ამ დრომდე კარანტინის რეჟიმში რჩება 5 056 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 386.

კორონავირუსი დაუდასტურდა საჩხერის მერის ცოლს, რომელიც საჩხერის კლინიკის ექიმია. მერი ბენიამინ ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ ინფორმაციის მიღების შემდეგ, თვითიზოლაციაში იმყოფება. ბოლო 2 კვირის განმავლობაში მას არაერთი შეხება ჰქონდა სხვადასხვა პირთან, თუმცა როგორც მუნიციპალიტეტის გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, ის პირბადით და ხელთათმანებით მოძრაობდა.

ჯერ კიდევ აქტუალურ საკითხად რჩება ეკლესიებში წირვა-ლოცვის ჩატარებისას მრევლის დასწრება. როგორც საპატრიარქო აცხადებს, ისინი იცავენ ყველა რეკომენდაციას და ღვთისმსახურების დროს მრევლს მოუწოდებენ, დისტანცია დაიცვან. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ არ მიუღიათ გადაწყვეტილება, თუ რა იქნება აღდგომის დღესასწაულზე, რადგან სიტუაციის განმუხტვას ელოდებიან. მისივე თქმით, კომენდანტის საათის დროს მორწმუნე სახლში უნდა იყოს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საქართველოში 21 მარტს საგანგებო რეჟიმი გამოცხადდა და დამატებითი შეზღუდვები დაწესდა. აღნიშნული ზომები 31 მარტის შემდეგ გამკაცრდა, როდესაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ "ფაქტობრივი კარანტინი" გამოაცხადა. ამოქმედდა ე.წ. კომენდანტის საათი და სამზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: