დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

სამგერელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას თქმით, თუ ინფიცირებული სპორტსმენის კონტაქტებს კორონავირუსი დაუდასტურდებათ, შესაძლებელია რეგიონში მკაცრი საკარანტინო ზომები მიიღონ და ჩაკეტონ. ამ თემაზე ალექსანდრე მოწერელიამ TV პირველის ეთერში ისაუბრა.

"ძალიან ბევრი კავშირი უფიქსირდება, უშუალო არის 23, თუმცა იმ 23-ს კიდევ ძალიან ბევრი კონტაქტი უდგინდება. ამიტომ რისკი ძალიან მაღალია. თუკი ჩვენ დაგვიდასტურდება სამი შემთხვევა, განმეორებითი ანალიზის შემთხვევაში, მაშინ შეიძლება ასეთი ზომები იქნეს მიღებული", — თქვა ალექსანდრე მოწერელიამ.

კორონავირუსით ინფიცირებულმა სპორტსმენმა, გიორგი ღვინჯილიამ დღეს იმ ადამიანებს ვინც მის გამო კარანტინში გადაიყვანეს ბოდიში მოუხადა. TV პირველის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ის ჰყვება, რომ არ ჰქონდა არანაირი სიმპტომი მაშინ, როდესაც სამეგრელოში ხალხს ხვდებოდა:

6 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 188 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან ორი პაციენტი გარდაიცვალა, 39 კი უკვე გამოჯანმრთელდა. ამ დრომდე კარანტინის რეჟიმში რჩება 5 056 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 386.

კორონავირუსი დაუდასტურდა საჩხერის მერის ცოლს, რომელიც საჩხერის კლინიკის ექიმია. მერი ბენიამინ ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ ინფორმაციის მიღების შემდეგ, თვითიზოლაციაში იმყოფება. ბოლო 2 კვირის განმავლობაში მას არაერთი შეხება ჰქონდა სხვადასხვა პირთან, თუმცა როგორც მუნიციპალიტეტის გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, ის პირბადით და ხელთათმანებით მოძრაობდა.

ჯერ კიდევ აქტუალურ საკითხად რჩება ეკლესიებში წირვა-ლოცვის ჩატარებისას მრევლის დასწრება. როგორც საპატრიარქო აცხადებს, ისინი იცავენ ყველა რეკომენდაციას და ღვთისმსახურების დროს მრევლს მოუწოდებენ, დისტანცია დაიცვან. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ არ მიუღიათ გადაწყვეტილება, თუ რა იქნება აღდგომის დღესასწაულზე, რადგან სიტუაციის განმუხტვას ელოდებიან. მისივე თქმით, კომენდანტის საათის დროს მორწმუნე სახლში უნდა იყოს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საქართველოში 21 მარტს საგანგებო რეჟიმი გამოცხადდა და დამატებითი შეზღუდვები დაწესდა. აღნიშნული ზომები 31 მარტის შემდეგ გამკაცრდა, როდესაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ "ფაქტობრივი კარანტინი" გამოაცხადა. ამოქმედდა ე.წ. კომენდანტის საათი და სამზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: