დღეიდან ეკონომიკის სამინისტრო კომპანიებში დასაქმებული ადამიანების ჯანმრთელობის უსაფრთხოების შემოწმებას დაიწყებს.

4 აპრილს ჯანდაცვის მინისტრმა გამოსცა ბრძანება, რომელიც სამუშაო ადგილებზე სხვადასხვა ღონისძიების გატარებას გულისხმობს. ეკონომიკის სამინისტრო სხვადასხვა უწყებასთან ერთად სწორედ იმას შეამოწმებს, რამდენად სრულდება ამ ბრძანებაში არსებული მითითებები.

დოკუმენტში საუბარია როგორც ზოგად, ისე კონკრეტული სექტორებისთვის განსაზღვრულ რეკომენდაციებზე. გარდა ამისა, განსაზღვრულია სამუშაო ადგილის რისკის შესაბამისი ღონისძიებებიც.

ბრძანების თანახმად, დამსაქმებლებმა უნდა უზრუნველყონ პირობები, რათა თანამშრომლებმა ხშირად შეძლონ ხელების დაბანა. იმ შემთხვევაში, თუ ამის შესაძლებლობა არ არის, უნდა გამოიყენონ სულ მცირე 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის გამწმენდი სითხე. ამასთან, დამსაქმებლებმა შესაძლებლობის ფარგლებში უნდა შეიმუშავონ მოქნილი პოლიტიკა, რომელიც თანამშრომლებს საშუალებას მისცემს დარჩნენ სახლში და იზრუნონ ოჯახის წევრებზე.

დამსაქმებლები ვალდებული არიან თანამშრომლები უზრუნველყონ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, მაგალითად ხელთათმანებით, ფარებით, ნიღბებით, რესპირატორებით, სათვალეებითა და ა.შ.

თანამშრომელი არ უნდა გამოცხადდეს სამსახურში თუ:

  • ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდა ვირუსის გავრცელების ქვეყნებში;
  • ბოლო 14 დღის განმავლობაში მჭიდრო კონტაქტში იყო კორონავირუსის მატარებელ პირთან. ასეთ დროს დასაქმებულმა უნდა გაიაროს თვითიზოლაცია ან კარანტინი;
  • აღენიშნება რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (ხველა, ტემპერატურა, ცემინება, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.);
  • მიეკუთვნება რისკ-ჯგუფებს — არის 70 წელს გადაცილებული, აგრეთვე, ქრონიკული დაავადებების (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, ბრონქული ასთმა და სასუნთქი ორგანოების სხვა დაავადებები) მქონე პირი.

დოკუმენტის თანახმად, დასაქმებულთა COVID-19-ით ინფიცირების რისკები შეიძლება იყოს: ძალიან მაღალი, მაღალი, საშუალო, ან დაბალი. რისკის დონე ნაწილობრივ დამოკიდებულია შესასრულებელი სამუშაოს ტიპზე.

ძალიან მაღალი

ინფიცირების ძალიან მაღალი რისკის შემცველი სამუშაო ადგილებია: კონკრეტული სამედიცინო ან ლაბორატორიული პროცედურების განმახორციელებელი დაწესებულებები.

ამ კატეგორიას განეკუთვნებია ჯანდაცვის პერსონალი (მაგ. ექიმები, ექთნები, სტომატოლოგები, პირველადი სამედიცინო დახმარების გამწევი პირები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი), ლაბორატორიის პერსონალი, რომელიც აგროვებს ან ამუშავებს ნიმუშებს COVID-19-ით დაავადებული ან ამ დაავადებაზე ეჭვმიტანილი პაციენტებიდან.

მაღალი რისკი

ინფიცირების მაღალი რისკის შემცველად ითვლება სამუშაო ადგილი, სადაც COVID-19-ის ცნობილი, ან სავარაუდო წყაროების მიმართ ინფიცირების დიდი პოტენციალი არსებობს.

ამ კატეგორიას განეკუთვნებიან ექიმები, ექთნები და სხვა დამხმარე პერსონალი, რომლებსაც უწევთ პაციენტების პალატებში შესვლა; მორგში მომუშავე პირები, რომლებიც მონაწილეობენ იმ პირთა გვამების მომზადებაში, რომელთაც გარდაცვალებამდე დაუდასტურდათ, ან რომელთა მიმართ არსებობდა ეჭვი, რომ დაავადებული იყვნენ COVID-19-ით.

რეკომენდაციები ძალიან მაღალი და მაღალი რისკის შემცველი სამუშაოებისთვის:

  • პერსონალის უმეტესობამ უნდა ატაროს ხელთათმანები, ხალათი, სახის დამცავი ფარი, დამცავი სათვალეები და რესპირატორი. ვინც უშუალო კონტაქტში არიან პაციენტებთან უნდა გამოიყენონ რესპირატორები;
  • შესაძლებლობისა და აუცილებლობის შემთხვევაში დამონტაჟდეს ჰაერის დამამუშავებელი სისტემები;
  • დადასტურებულ ან სავარაუდო შემთხვევისას პაციენტები მოთავსდნენ სამედიცინო დაწესებულების საიზოლაციო პალატებში;
  • ის პროცედურები, რომლებსაც აეროზოლების წარმოქმნა მოჰყვება, განხორციელდეს იზოლირებულ პალატებში;
  • პაციენტებისგან ნიმუშების აღებისას დაცული უნდა იყოს ბიოუსაფრთხოების ზომები;
  • თანამშრომლებს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია სამუშაოსთან დაკავშირებული საფრთხის შესახებ. ამასთან ჩაუტარდეთ ტრენინგი, სტრესის შესამცირებლად კი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ფსიქოლოგის დახმარება.

საშუალო რისკი

ინფიცირების საშუალო რისკისაა სამუშაო ადგილი, სადაც სადაც თანამშრომლებს მოეთხოვებათ ხშირი ან/და მჭიდრო კონტაქტის ქონა იმ ადამიანებთან, რომლებიც არ წარმოადგენენ COVID-19-ით დაინფიცირებულ ანდა დაინფიცირებაში საეჭვო პაციენტებს. ასეთი შეიძლება იყოს სკოლები, მრავალრიცხოვანი/მჭიდრო სამუშაო ადგილები, ასევე ზოგიერთი საცალო ვაჭრობის ცენტრი, სხვა ობიექტები, სადაც ადამიანთა თავშეყრის ადგილებია.

რეკომენდაციები საშუალო რისკის სამუშაო ადგილებისთვის:

  • სადაც შესაძლებელია, უნდა დამონტაჟდეს ფიზიკური ბარიერები, როგორიცაა დაცემინებისაგან დამცავი გამჭვირვალე პლასტმასის შირმები;
  • ნიღბების შეთავაზება დაავადებული თანამშრომლისთვისა და მომხმარებლისთვის. ნიღბების დეფიციტის შემთხვევაში შესაძლებელია სახის მრავალჯერადი ფარის გამოყენება;
  • დღეში რამდენჯერმე განიავდეს დახურული სივრცე და სამუშაო ადგილები სველი წესით დასუფთავდეს;
  • შენობის შესასვლელებში განთავსდეს დეზობარიერები;
  • თვალსაჩინო ადგილას განთავსდეს ხელის ჰიგიენური საშუალებები;
  • პირადი კონტაქტების მინიმუმამდე დაყვანა;
  • ვიზიტორებს შორის დისტანციის დასაცავად პირობითი ნიშნების გამოყენება;
  • ინდივიდუალური დაცვის საშუალებები უნდა შეირჩეს იმის მიხედვით, რომელიც მას სამუშაო პირობებიდან გამომდინარე დასჭირდება.

დაბალი რისკი

ინფიცირების დაბალი რისკის მომუშავეებს არ მოეთხოვებათ COVID-19-ით დაინფიცირებულ, ან ვირუსით დაინფიცირებაზე საეჭვო პირებთან კონტაქტი, არც ხშირი და ახლო კონტაქტი ფართო საზოგადოებასთან.

რეკომენდაციები დაბალი რისკის სამუშაო ადგილებისთვის:

  • თანამშრომლებს ინფორმაცია უნდა მიეწოდოთ კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციები;
  • ხელმისაწვდომი უნდა იყოს ხელის დასაბანი საშუალებები ან სულ მცირე 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის გამწმენდი სითხე.

რეკომენდაციები სხვადასხვა ბიზნესსექტორისთვის შეგიძლიათ იხილოთ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე.